აშშ-ში, ნიუ-მექსიკოს შტატის სამხედრო ბაზაზე რამდენიმე ავღანელი მიგრანტი ამერიკელ სამხედრო ქალს დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს.
მომხდარს გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) იძიებს.
„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება ფორტ-ბლისის სამხედრო ბაზიდან და ამჟამად საქმის დეტალებს ვსწავლობთ“, – აცხადებს FBI-ის წარმომადგენელი ჯენეტ ჰარპერი.
ინციდენტი 19 სექტემბერს მოხდა, თავდასხმაში ავღანეთიდან ევაკუირებული მიგრანტების ჯგუფი, რომელიც დროებით სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ქალ სამხედროს დაესხა თავს. ქალის ვინაობა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია. ბაზაზე უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული და გაძლიერებულია პატრულირება.