საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა

ხანგძლივი პაუზის შემდეგ 2021 წელს რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი გახდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში იმპორტის სახით 1049.4 მლნ კვ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 171%-ით აღემატება.

არადა, თუ უკანასკნელი წლების სტატისტიკას ჩავხედავთ დავინახავთ, რომ რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა. მაგალითად, 2017 წელს საქართველომ რუსეთისგან 452.2 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რომლის წილიც მთლიან იმპორტში 30%-ს შეადგენდა, 2018 წელს რუსული ელექტროენერგიის წილი მთლიან იმპორტში მნიშვნელოვნად შემცირდა და 13.6% შეადგინა, რადგან ამ პერიოდში საქართველომ რუსეთისგან მხოლოდ 206.5 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია შეიძინა. 2019 წელს რუსული ელექტროენერგიის იმპორტის წილი 32% იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მოცემულ პერიოდში რუსეთისგან 524.5მლნ კვ.სთ ელექტროენერგია შევიძინეთ.

2020 წელს რუსული იმპორტის მაჩვენებელი 35%-მდე გაიზარადა, მეზობელი ქვეყნიდან იმპორტის მოცულობამ 570.6 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია შეადგინა. უკვე მიმდინარე წლის 8 თვეში კი რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილმა მთლიან იმპორტში 61% შეადგინა.

შესაბამისად, მიმდინარე წელს საქართველო ყველაზე მეტ ელექტროენერგიას რუსეთისგან ყიდულობს.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლიდან მოყოლებული საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანი იყო, თუმცა 2021 წელს სურათი რადიკალურად არის შეცვლილი, რადგან აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ 29%-ია.