თუშეთი გარესამყაროს მოსწყდა

ძლიერმა წვიმების შედეგად თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანე გზა დაზიანდა. გზა სოფელ ხისოსთან ჩამოიშალა. თუშეთი გარესამყაროსგან არის მოწყვეტილი. როგორც ადგილობრივები „თაიმერთან“ საუბარში ამბობენ, გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ იქ მანქანით კი არა, ფეხითაც ვერ გაივლის ადამიანი.

ეს გზა სასწრაფოდ არის შესაკეთებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში თუშეთს სერიოზული პრობლემები შეექმნება. მოგეხსენებათ, რომ თუშეთთან სამანქანო გზით დაკავშირება მხოლოდ რამდენიმე თვე არის შესაძლებელი. ოქტომბრიდან თუშეთთან სამანქანო მიმოსვლა წყდება. აკრძალვა გაზაფხულის ბოლომდე მოქმედებს.

ახლა დროულად თუ არ გაკეთდა გზა, მალე თოვლი მოვა და სერიოზული პრობლემები შეიქმნება. თუშეთიდან ცხვრის გადმორეკვა შეუძლებელი იქნება, რადგანაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, გზის დაგვიანებულ მონაკვეთზე, ფეხით გავლაც შეუძლებელია. ცხვრის გარდა თუშეთში ზაფხულობით აჰყავთ მსხვილფეხა პირუტყვი. საქონელი გადმოსარეკი დარჩება. ეს კი საქონლის დაღუპვას გამოიწვევს, რადგანაც თოვლის მოსვლის შეთხვევაში საქონელი დაიღუპება. მათთვის ელემენტარულად საკვები არ ექნებათ.

იმედია ხელისუფლება გაითვალისწინებს ამას და დროულად დაიწყებს თუშეთის გზის გაწმენდას. ნაადრევად მოსულმა თოვლმა შესაძლოა გზა გაზაფხულამდე ჩაკეტოს.

წყარო: ptn.ge