აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სურს – „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა მიტოვებულ ობიექტების პრობლემას ვერ უმკლავდება. უმრავლესობა პრივატიზებულია, თუმცა 1993 წლის შემდეგ ობიექტებზე არაფერი გაკეთებულა. ამ ობიექტების მფლობელები უცხოური ინვესტიციების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, რაც საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ არაღიარებულ რესპუბლიკაში ძნელი წარმოსადგენია.

აფხაზებს მხოლოდ რუსული და ისიც, ძირითადად, სახელმწიფო ინვესტიციების იმედად დარჩენა უწევთ, კრემლი კი საინვესტიციო ობიექტებს მხოლოდ თავისი ვიწრო ინტერესებით არჩევს. ასეთი მიდგომა აფხაზეთში, ზოგადად, საინვესტიციო გარემოს ვერ ცვლის. მაგალითად, მიტოვებული ობიექტებიდან ერთადერთ ე.წ. წარმატებულ ინვესტიციად დე ფაქტო მთავრობა ბიჭვინთის სანატორიულ-კურორტულ ობიექტს ასახელებს, რომლის არენდატორიც „როსატომია“.

„ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ამ ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ საჭიროა უცხოური ინვესტორები, რადგან მათ არ აქვთ საკუთარი რესურსები. კი ბატონო, მიიზიდონ ინვესტორები, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი. თუმცა ჩვენს საზოგადოებაში სიტყვა „უცხოური ინვესტიცია” უარყოფით რეაქციას იწვევს, სინამდვილეში კი მთელი მსოფლიო უცხოური ინვესტიციებისთვის იბრძვის,” – განუცხადა „აპსნიპრესს“ დე ფაქტო სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან კუბრავამ. მისი თქმით, პრივატიზებულ და იჯარით გაცემულ ობიექტებზე ერთიანი ბაზა განახლდება და შეივსება.

ამასთან, დე ფაქტო მთავრობამ გაჩერებულ ობიექტებზე საპრივატიზაციო ხელშეკრულებების გაწყვეტისა და ჩამორთმევის პროცესი დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი არის გაგრის სანატორიულ-კურორტული ობიექტი.

„სასამართლო მოვიგეთ, თუმცა მეპატრონეებს 2-3 წელს კიდევ ვაძლევთ, რომ ინვესტორები მოიძიონ,“ – აცხადებს კუბრავა, რომელსაც ჯერ პასუხი არა აქვს, თუ რა უნდა მოუხერხონ მინისტრთა საბჭოს ყოფილ შენობას.

„ეს მსხვილი და ცნობილი ობიექტია. წარმოდგენა არ მაქვს, თუ რა სახით უნდა გამოვიყენოთ ყოფილი სამთავრობო კომპლექსი. ყველაფერი ისეც ინვესტორების მოზიდვაზე იქნება დამოკიდებული,“ – ამბობს კუბრავა.

მეორე ცნობილ ობიექტზე, ყოფილ რკინიგზელთა კულტურის სასახლის აღდგენაზე ბესლან კუბრავას ეჭვი ეპარება და აცხადებს, რომ რეკონსტრუქციის ან დანგრევის საკითხი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა. რაც შეეხება რკინიგზის ადმინისტრაციის ყოფილ შენობას, იქ დე ფაქტო მთავრობა ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს განთავსება სურს.

დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიამ მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე პირდაპირ განაცხადა, რომ „ცნობილი ობიექტები, რომლებიც ოდესღაც ამშვენებდა რესპუბლიკას, დღეს განადგურებულია, მიტოვებულია და აფხაზეთის ქალაქების გარეგნობას აფუჭებს.“ მან საერთო ჯამში 24 ასეთი ობიექტი დაასახელა. მათ შორის არის:

  • კულტურის სასახლე
  • გაგრის ყოფილი სავაჭრო კომპლექსი
  • სანატორიუმი „აფხაზეთი“ ახალ ათონში
  • სპორტული ბაზა სოფელ ეშერაში
  • სოხუმის რკინიგზის სადგური
  • საზღვაო ტერმინალის შენობა
  • სასტუმრო „აფხაზეთი“ სოხუმში
  • სასტუმროები „ამრა“ და „ელბრუსი”
  • ყოფილი სასტუმროები „თბილისი” და „სოხუმი”
  • ცენტრალური უნივერმაღის შენობა
  • სოხუმის ფოსტა
  • სოხუმის ყოფილი ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის კულტურის სასახლე
  • პრესის სახლი ეშბას ქუჩის 168-ში
  • რკინიგზის ყოფილი ადმინისტრაციული შენობა
  • რკინიგზელთა კულტურის სასახლე
  • ყოფილი მინისტრთა საბჭოს შენობა
  • ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ე.წ. „ზაკვოს“ ყოფილი სამხედრო სანატორიუმი
  • მოსკოვის სამხედრო ოლქისა და თავდაცვის საჰაერო ძალების ყოფილი სანატორიუმები
  • სმეცკის სანატორიუმი გულრიფშში

საერთო ჯამში, დე ფაქტო მთავრობას აღრიცხული აქვს 38 პრივატიზებული ობიექტი, საიდანაც 11 არ ფუნქციონირებს. იჯარით არის გაცემული 36 ობიექტი, რომლის ძირითადი ნაწილი ასევე, გაჩერებულია და მოიჯარეები მხოლოდ ქირას იხდიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ