არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს „დატოვოს თანამდებობა“, სანამ არ ვიცით რეალობა რაში მდგომარეობს

ნებისმიერი საპარლამენტო ბერკეტი იქნება გამოყენებული, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

კუჭავას თქმით, გამოძიებას უნდა დაველოდოთ და დადგინდეს ავთენტურობა.

„დღეს არის იმის საშუალება, რომ ეს მასალა გამოყენებული იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის და სპეკულაციებისთვის, ამიტომ უნდა დადგინდეს ავთენტურობა. მივესალმები განცხადებას, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა, რომ მოწვეულია ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, რათა კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით. ნებისმიერი საპარლამენტო ბერკეტი იქნება გამოყენებული, რომ არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც ვართ და აბსოლუტურად ადეკვატურია იმის მოთხოვნა, რომ ჯერ ავთენტურობა უნდა დადგინდეს“ , – განაცხადა კუჭავამ.

კითხვაზე, უნდა დაეტოვებინა თუ არა გრიგოლ ლილუაშვილს თანამდებობა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, კუჭავა პასუხობს, რომ „სამწუხაროდ, იმ რეალობის წინაშე ვდგავართ ბოლო პერიოდში, თუ რამე ხდება, პირველი რაც არის, თანამდებობის დატოვების მოთხოვნაა“.

„არ შეიძლება ყველაფერზე პირველი რეაქცია იყოს „დატოვოს თანამდებობა“, სანამ ჯერ არ ვიცით რეალობა რაში მდგომარეობს. გამოძიების დადგენის შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული ყველა კანონდამრღვევის მიმართ, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა“, – განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის პარლამენტში დაბარებას ითხოვს. მათი ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ სუს-ის უფროსმა თანამდებობა უნდა დატოვოს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არალეგიტიმურია და გამოძიება ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

 

“ინტერპრესნიუსი”