თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოუწოდებს აშშ-ს, რომ სირიიდან და ერაყიდან ავღანეთის მსგავსად შეიარაღებული ძალების გაიყვანოს. ამის შესახებ მან cbsnews.com-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ერდოღანის თქმით, აშშ-მა ეს ავღანური სცენარით უნდა გააკეთოს.
„მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ ისინი დატოვებენ სირიასა და ერაყს. თუ ჩვენ ამ ქვეყნებში მშვიდობა გვსურს, იქ დარჩენას აზრი არა აქვს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანი აცხადებს, რომ ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღონ. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი, მოსკოვი, ბაღდადი და ანკარა სირიასა და ერაყში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ერთობლივად იმუშავებენ.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ერაყიდან წლის ბოლომდე გავლენ.