ბუნდესტაგის არჩევნები გერმანიაში – ექსპერტების ვარაუდით მთავრობის ფორმირება ლიდერ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით კონსერვატორთა კოალიციამ CDU/CSU-მა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ დაახლოებით თანაბარი 25-25 %-თან მიახლოებული ხმები დააგროვეს (შესაბამისად 24.7 და 24,9).
მესამე ადგილზე არიან მწვანეები 15%, 11-11 პროცენტი აქვთ მემარჯვენე პოპულისტურ “ალტერნატივა გერმანიისთვის” და თავისუფალ დემოკრატთა პარტიებს. წინასწარი მონაცემებით ბუნდესტაგში მოხვდა მემარცხენე პარტიაც, რომელმაც ხმების 5 პროცენტი დააგროვა.
ექსპერტების შეფასებით, ლიდერი პარტიებიდან რომელმაც არ უნდა მოაგროვოს მეტი ხმა, მთავრობის ფორმირება ყველას გაუჭირდება, რადგან, სავარაუდოდ მათ სამი პარტიისგან შემდგარი კოალიციის შექმნა დასჭირდებათ.
მერკელის გარეშე დარჩენილმა ქრისტიან დემოკრატებმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე მცირე რაოდენობის ხმები მოაგროვეს. მათმა ამჟამინდელმა ლიდერმა არმინ ლაშეტმა განაცხადა, რომ ის შედეგებით შოკირებულია, თუმცა, ყველაფერს გააკეთებს, რომ მისმა პარტიამ სამთავრობო კოალიცია ჩამოაყალიბოს.
კმაყოფილები არც სოციალ-დემოკრატები არიან, მართალია მათ 2017 წელთან შედარებით შედეგი მცირედით გააუმჯობესეს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია გავლენ თუ არა პირველ ადგილზე და შეძლებენ თუ არა მთავრობის ფორმირებას. პარტიის ლიდერმა ოლაფ შოლცმა ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამომრჩევლის ნება იყო რომ მერკელი მას ჩაენაცვლებინა კანცლერის პოსტზე.
ყველაზე კმაყოფილები შედეგით მწვანეები არიან. მათი თქმით, ამომრჩეველმა მათ მისცა საკმარისი რაოდენობის მანდატი, რათა კლიმატის ცვლილებასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე მთავრობამ მეტი ყურადღება გაამახვილოს.
წყარო: newposts.ge