„ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით“ — ლილუაშვილი

“მას შემდეგ რაც თქვენ გადადგებით”, — ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, აპირებს თუ არა გადადგომას.

გადადგომასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ კი ლილუაშვილმა თქვა: “ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით. სამწუხაროდ, ასეა ეს ცხოვრება, რომ საქმე უნდა აკეთოს, ვინც საქმე იცის”.

ლილუაშვილმა მედიას მოუწოდა, დაელოდონ გამოძიებას, რომელიც “გამჭვირვალედ მიმდინაროებს”.

“პასუხისმგებლობას ვიღებთ ყველა მოვლენაზე, რაც უსაფრთხოებას უკავშირდება. დაელოდეთ გამოძიებას, საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს. თითოეულ გაქვთ საშუალება, შეამოწმოთ”, — განუცხადა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს.

ლილუაშვილიმა კითხვით — მე რა შუაში ვარ? — უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე.

“თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?! რა თქმა უნდა, იკითხებიან და გამოძიება მიმდინარეობს. მე რა შუაში ვარ? თუ გამოძიება ჩათვლის [საჭიროდ], გამოიკითხება ყველა, თუმცა არავინ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც თავიანთ საქმეს აკეთებს.

გამოძიების შედეგად დადგება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. დადგინდება სიმართლე და საკადრისი პასუხი გაეცემა. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავი მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში”, — განაცხადა ლილუაშვილმა.


მიმდინარე წლის სექტემბერში ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს.

ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. მმართველი პარტიაში ფარული ჩანაწერების შინაარს “ტყუილ-მართალს” უწოდებენ, რომლის ტირაჟირებაშიც თავდაპირველად ენმ-ს ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე გადაიტანეს აქცენტი.

პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო. მიმდინარეობს. სუს-მა განცხადება 14 სექტემბერს გაავრცელა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.

 

“ნეტგაზეთი”