თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში, კერძოდ, ვარკეთილის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე რიგის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. ნაწილობრივ განახლდა მიმდებარედ არსებული ერთკილომეტრიანი ბულვარიც. ორივე რეკრეაციული სივრცის ფართობი ჯამში 5 ჰექტარს შეადგენს.
განახლებული პარკი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
მისი თქმით, მსგავსი პროექტები ყველა რაიონში და უბანში განხორციელდება.
„კიდევ ერთი პროექტი დასრულდა. რიგის პარკი მთლიანად მოწყობილი და განახლებულია. ძალიან მიხარია, რომ ამდენ კმაყოფილ ადამიანს ვხედავ. ეს სივრცე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვენი დაპირება იყო, რომ მთლიანად იქნებოდა მოწესრიგებული. დღეს ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ შემიძლია გავხსნა ყველანაირად კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული პარკი“ – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და სპორტული მოედნები, ფანჩატურები, საფეხმავლო ბილიკები, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა საბაღე ფურნიტურა და სასმელი წყლის შადრევნები. რეკრეაციულ სივრცეს დაემატა გამწვანებული თარგები და გაიზრდა მწვანე საფარის მოცულობა. დაირგო 728 ძირი ხე და 486 ძირი ბუჩქი, 20 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი.
პარკის ცენტრალურ ნაწილში, მედიათეკის მიმდებარედ განთავსდა მუსიკალური შადრევანი.
ამ ეტაპისათვის განხორციელებული სამუშაოების სრული ღირებულება 5 100 000 ლარს შეადგენს.
2022 წლისთვის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ბულვარის დარჩენილი 2 ჰექტარის რეაბილიტაციასაც განახორციელებს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 3 000 000 ლარს შეადგენს.
რიგის პარკში მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე.
წყარო: ptn.ge