თალიბანი ავიაკომპანიებს საერთაშორისო ფრენების აღდგენის მოთხოვნით მიმართავს

თალიბანი ავიაკომპანიებს მოთხოვნით მიმართავს და მოუწოდებს, რომ საერთაშორისო ფრენები აღადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

თალიბანის განცხადებით, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში პრობლემები მოგვარებულია. ქაბულის აეროპორტი, რომელიც ევაკუაციის დროს დაზიანდა, უკვე გახსნილია.

ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, საერთაშორისო ფრენების შეჩერებამ საზღვარგარეთ მყოფ ბევრ ავღანელს პრობლემები შეუქმნა.

მისივე განცხადებით, ავღანელები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

„რადგან ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში პრობლემები მოგვარებულია და აეროპორტი სრულად ფუნქციონირებს შიდა და საერთაშორისო ფრენებისთვის, სრული თანამშრომლობის გარანტიას ვაძლევთ ყველა საერთაშორისო კომპანიას“, – აცხადებს სპიკერი.