უკრაინაში რამდენიმე დღის წინ მიღებული კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათი გავლენა ქვეყნის პოლიტიკაზე მაშინვე შემცირდება. ამის შესახებ Deutche Welle სტატიას აქვეყნებს.
„ზელენსკი ოლიგარქების მორჯულების როლს კარგად ასრულებს. უმაღლესი რადის მიერ მიღებული კანონი ოლიგარქების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს. სიაში ის ბიზნესმენები მოხვდებიან, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მონოპოლიებს ფლობენ და რომლებსაც პოლიტიკური გავლენა და საკუთარი მედიასაშუალებები გააჩნიათ.
როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე დანილოვმა განაცხადა, ამ სიაში 13 ადამიანი შევა. ამასთანავე, მან კონკრეტული ოლიგარქების ვინაობა არ დაასახელა. ამ რეესტრში იმ პოლიტიკოსების გვარებიც ჩაიწერება, რომლებსაც კონკრეტულ ოლიგარქებთან აქვთ კავშირი, გარდა ამისა, მილიარდერებს, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება აეკრძალათ.
ამომრჩეველს, ბუნებრივია, მოსწონს, როდესაც მას მეტ გამჭვირვალობას ჰპირდებიან იმ საკითხში, რაც პოლიტიკაზე ოლიგარქების გავლენას ეხება. მაგრამ სჭირდება თუ არა მას ზელენსკის მიერ ინიცირებული კანონი?
ჟურნალისტების მეშვეობით მთელმა ქვეყანამ ისედაც იცის, ოლიგარქებიდან ვინ დადის რეგულარულად პრეზიდენტთან ან მის თანაშემწეებს ხვდება. რაც შეეხება პოლიტიკაზე ოლიგარქების გავლენას, ამას არანაირი რეესტრი არ სჭირდება, რომელსაც პირადად პრეზიდენტი და უშიშროების საბჭო აკონტროლებენ. ამისთვის საკმარისია იმაზე დაკვირვება, თუ რომელი დეპუტატი კონკრეტულად რომელ კანონს აძლევს ხმას.
ერთ-ერთი ყველაზე საჩვენებელი იყო შარშან ე.წ. „ანტიკოლომოისკის“ კანონზე გამართული კენჭისყრა, რომლის შემდეგ ცნობილი ბიზნესმენისთვის იგორ კოლომოისკისთვის ნაციონალიზებული „პრივატბანკის“ დაბრუნება შეუძლებელი გახდა.
ხმამაღალი სახელის მქონე „ანტიოლიგარქიული კანონი“, პოლიტიკოსებს და ოლიგარქებს შორის ურთიერთობებში ბევრს ვერაფერს შეცვლის. აი, მაგალითად, პარტიების დაფინანსებას რაც შეეხება, ამ კანონით რეესტრში შემავალი ბიზნესმენებისთვის პარტიების დაფინანსება აკრძალული იქნება. მაგრამ არც იგორ კოლომოისკი, არც დიმიტრი ფირტაში, არც სხვა ოლიგარქები, პარტიებს, როგორც წესი, პირადად არ აფინანსებენ.
ასე, მაგალითად, 2019 წელს, ოფიციალური მონაცემებით, „ხალხის მსახურის“ მთავარი დამფინანსებლები რიგითი უკრაინელები იყვნენ. პარტიულ ანგარიშზე მილიონები ქართული რესტორნის მზარეულმა, ტანსაცმლის მაღაზიის მფლობელმა და უმუშევარმაც კი გადარიცხა.
ისევე როგორც ცოტა ხნის წინ სხვადასხვა გავლენიანი ბიზნესმენის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, ანტიოლიგარქიული კანონიც პრეზიდენტის პოზიციებს აძლიერებს და მას მილიარდერებზე ზეწოლის დამატებით ბერკეტებს აძლევს, რათა მათი პოლიტიკური ამბიციები მოთოკოს. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი, ვინც ამ სიაში მოხვდება, ზელენსკის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ყოფილი პრეზიდენტი და ოლიგარქი პეტრო პოროშენკოა. კანონი კულისებს მიღმა როგორც პოლიტიკაში, ასევე, ბიზნესში მიმდინარე თამაშებში არაფერს შეცვლის.
იმის ნაცვლად, რომ ოლიგარქები რაღაცა რეესტრში ჩაწერონ, უფრო ლოგიკური იქნებოდა მათთან ყოველგვარი თანამშრომლობის შეწყვეტა. მაგრამ ეს შეუძლებელია, უმაღლეს რადაში „აქციათა საკონტროლო პაკეტს“ ხომ ზემოხსენებული იგორ კოლომოისკი ფლობს. ასე მონაწილეობენ უკვე არაერთი ათწლეულის განმავლობაში უკრაინის პოლიტიკაში ოლიგარქები.
ამის შეჩერება იქამდე ვერ მოხდება, ვიდრე უკრაინის ეკონომიკაში ოლიგარქიული მონოპოლიები არ მოისპობა. ათწლეულების განმავლობაში ეს ადამიანები უკრაინის ეკონომიკის მთელ სფეროებს აკონტროლებენ. უკბილო ანტიმონოპოლიური კომიტეტი ამ პრობლემას ვერ აგვარებს.
როდესაც თავისუფალი ბაზრის პირობებში კონკურენციის აუცილებლობა არ არსებობს, ბიზნესის ეფექტიანობის ამაღლება ლობირების და მათი პრივილეგირებული მდგომარეობის დაცვის მეშვეობით ხდება. ეს ეხება, მაგალითად, მინერალური სასუქების და გაზის მიწოდების მონოპოლიას, რომელსაც დიმიტრი ფირტაში აკონტროლებს, ასევე რინატ ახმეტოვის მონოპოლიას მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის საკითხში.
როდესაც ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა (პირველად 20 წლის განმავლობაში!) სასუქების ბაზარზე დიმიტრი ფირტაშის სტრუქტურების დაშლა გადაწყვიტა და ის ფასების ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა, ფირტაშმა, რომელიც სასუქების ბაზრის 2/3 -ს აკონტროლებს, სასამართლოს მეშვეობით დაამტკიცა, რომ ის მონოპოლიურ მდგომარეობას ბოროტად არ იყენებს.
გამოდის, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოლიგარქიული სისტემის მოშლის პოლიტიკური ნება არსებობს და ანტიმონოპოლიური კომიტეტი თავის საქმეს შეასრულებს, ეს მონოპოლიების რღვევის გარანტია სულაც არ არის. ხელისუფლებას და ბიზნესს შორის არბიტრის როლს ხომ სასამართლო ასრულებს, რომელსაც, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, უკრაინელების მხოლოდ 1,7% ენდობა. უკრაინის სასამართლო სისტემის რეფორმირება კი ბევრად რთული პროცესია, ვიდრე ოლიგარქების რეესტრის შექმნა“ – წერს Deutche Welle.