„გაზპრომთან“ გაფორმებულ კონტრაქტზე რეაქციის გამო, უნგრეთმა უკრაინა სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა

„გაზპრომთან“ გაფორმებულ კონტრაქტზე რეაქციის გამო, უნგრეთმა უკრაინა სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

„უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილება, აღნიშნული ხელშეკრულების წინააღმდეგ გამოვიდეს და ევროკომისიას მიმართოს, ღრმად შემაშფოთებელია“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

პიტერ სიიარტოს თქმით, უკრაინას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ ვისთან დადებს უნგრეთი ხელშეკრულებებს.

„მიგვაჩნია, რომ ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევაა, რომ უკრაინას უნგრეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების დაბლოკვა სურს“, – განაცხადა მან.

მანამდე უნგრეთსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი გამოიძახეს.

27 სექტემბერს უნგრეთსა და „გაზპრომს“ შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა უკრაინის გვერდის ავლით უნგრეთისთვის გაზის მიწოდებაზე.