პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ როგორც კი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას დააკავებენ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 28 სექტემბერს ისაუბრა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა კითხვა სააკაშვილის 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვალზე დაუსვეს.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, სააკაშვილის ერთადერთი სურვილი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შემოტანაა.
“რა თქვა მიხომ, რა თქვა, ჩამოვდივარო? მე მინდა, მოსახლეობას ავუხსნა, ეს კაცი უკვე 8 წელია იმუქრება, რომ ჩამოვა, ჩამოვა და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ შევა ციხეში. ჩვენს ხალხს რომ ავუხსნათ კიდევ ერთხელ, სააკაშვილის ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა.
ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისთვის და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს კანონის ფარგლებში”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველოში ჩამოსული სააკაშვილის დაკავებას ხელს ვინმე შეუშლის, მასსაც დააკავებენ.
“დავუშვათ, ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა და გამოაგდეს, დავუშვათ, ჩამოვიდა ღამე, რა უნდა მოხდეს — კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ ვერ აღუდგება წინ და ვერ შეეწინააღმდეგება. ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში, ამის გარანტიას ვიძლევით კანონის სახელით და სახელმწიფოს სახელით. რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს. მან გამოუსწორებელი შედეგები, ზიანი მოუტანა ჩვენს მოსახლეოაბას.
ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 ათასი კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ პიკის დროს და ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამიანის და მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენს გუნდს.
რა თქმა უნდა, სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული 100 ათასი გამწარებული ადამიანი. ხალხის შეცდომაში შეყვანასა და არეულობის შემოტანას ცდილობენ. ძალიან მარტივია, სახელმწიფო გასცემს პასუხს. როგორც კი სააკაშვილი ფეხს შემოდგამს ჩვენს მიწაზე, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში.
ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად კანონის ფარგლებში”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს ფეისბუქზე 2 ოქტომბრისთვის დაჯავშნილი კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა.
“ჩვენ ყველანი უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და რეფერენდუმზე. ჩვენ ყველამ უნდა მივცე ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, და მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება.
ამიტომ, მე ვერ ვიქნები ამ პროცესების გვერდით. საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატვა და თქვენთან ერთად მივიღო საქართველოს გადარჩენაში მონაწილეობა”, – განაცხადა სააკაშვილმა 27 სექტემბერს.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2021 წლის 6 სექტემბერს დააანონსა. მაშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩამოვიდოდა. მას ქვეყანაში დაბრუნებაზე წარსულშიც არაერთგზის უსაუბრია.
ყოფილი პრეზიდენტი თავს უკრაინას აფარებს. მას საქართველოში პატიმრობა აქვს მისჯილი, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმესთან, ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემასთან დაკავშირებით.
“ნეტგაზეთი”