5-8 ოქტომბერს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ამერიკის საგანმანათლებლო და კულტურულ საქმეთა დეპარტამენტის (The Bureau of Educational and Cultural Affairs (ECA) სპიკერების პროგრამასა და საქართველოში აშშ–ის საელჩოსთან თანამშრომლობით, საგამომცემლო სფეროზე ონლაინლექციები იგეგმება. ლექციებს საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.
„საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა და სტიმულირება, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საგამომცემლო სფერო, მთელ მსოფლიოში, გამუდმებით იხვეწება და ახალ მიმართულებებს იძენს. ამიტომ აუცილებლად მიგვაჩნია, სიახლეების შესახებ ინფორმაცია ჩვენს გამომცემლებსაც მივაწოდოთ და ამ გზით გავამდიდროთ მათი ცოდნა და გამოცდილება, რისთვისაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები შევარჩიეთ“, – ამბობს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი.
წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, ონლაინლექციების მსმენელი შეუძლია გახდეს ნებისმიერი, ვისაც საგამომცემლო სფერო აინტერესებს. სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ვებგვერდზე.
ლექციებს სხვადასხვა თემებზე, ამერიკული საგამომცემლო კომპანიების წარმომადგენლები ჩაატარებენ:
- გამომცემლისა და ავტორის ურთიერთობა
სპიკერი, ჯეფ სეროი – კომუნიკაციების კონსულტანტი; გამომცემლობა Farrar, Straus and Giroux-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და კომუნიკაციების დირექტორი.
- საგამომცემლო ბიზნესის ანა–ბანა
სპიკერი, ჯილ სქულმენი – გამომცმელობა Archipelago Books-ის დამაარსებელი.
- საერთაშორისო შესაძლებლობები ქართველი გამომცემლებისთვის
სპიკერი, ბრიუს ნიკოლსი – გამომცემლობა Little, Brown and Company-ს უფროსი ვიცე–პრეზიდენტი.
- კომპანია „დისნის“ პრეზენტაცია
პრეზენტაცია „დისნის“ საგამომცემლო მიმართულების სხვადასხვა სფეროებთან კვეთის შესახებ.
აღნიშნული პროგრამა, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, მომდევნო წლის აპრილში დაგეგმილი საგამომცემლო ტრენინგების კვირეულის ერთგვარ შესავალს წარმოადგენს.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
“ნეყგაზეთი”