„59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება“

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია.

მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, კანდიდატობაზე უარის თქმა ოპოზიციის 59 კანდიდატს აიძულეს, რომელთაგან 52 პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატი იყო.

„მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ოპოზიციის კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის მასშტაბით. მივიღეთ არაერთი ინფორმაცია კანდიდატობასა და პასიურ საარჩევნო უფლებაზე უარის თქმის იძულების თაობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით.

შედეგად, აღნიშნულმა პირებმა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, განცხადებები დაწერეს კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. ჩვენი მონაცემებით, მათგან 52 კანდიდატი პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იყვნენ, 6 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და 1 „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი.

კანდიდატების წარმდგენი პარტიების ცნობით, სავარაუდო მუქარები უმეტესად მომდინარეობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან, მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბებიდან, კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირებისგან.

პარტიების ცნობით, კანდიდატებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, საკუთრების დაზიანებით და სამეწარმეო საქმიანობაში ხელის შეშლით (ცალკეულ შემთხვევებში კანდიდატების კომპანიებში სახელმწიფო უწყებებმა ინსპექტირება დაიწყეს), ოჯახის წევრებისა და ახლობლების უსაფრთხოების ხელყოფით, მათი სამსახურიდან გაშვებით, სოციალური დახმარების მოხსნით, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არასასურველად დასრულებით. ზოგს კი, კანდიდატურის მოხსნის შემთხვევაში, სამომავლოდ დასაქმებას ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ჰპირდებოდნენ.

ის ფაქტი, რომ თითქმის არცერთ კანდიდატს არ სურს მომხდარზე საუბარი არც საჯაროდ და არც სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ზეწოლის/მუქარის განხორციელების შემთხვევაში, ყოფილ კანდიდატებს მუქარის აღსრულების მოლოდინი აქვთ.

სახალხო დამცველმა უკვე მიმართა სამართალდამცავ უწყებებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის/მუქარის 20-მდე შემთხვევასთან დაკავშირებით, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. საყურადღებოა სხვა ცალკეული ფაქტებიც, მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანების ოფისის დაზიანება, საარჩევნო ბანერის მოპარვა, ოფისის მესაკუთრეებზე შესაძლო ზეწოლა, სარეკლამო ბილბორდებით სარგებლობის ხელშეშლა. ამ საკითხებზე ასევე, გვაქვს კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

მისივე განცხადებით, სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურებიდან გაათავისუფლეს, ან სამსახურებრივად შეავიწროვეს 69 პირი. ასევე აპარატი შესაძლო პოლიტიკური დისკრიმინაციის 14 საქმეს სწავლობს.