ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბალკანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის გაუქმების საკითხის განხილვას გეგმავენ. ამის შესახებ rferl.org იუწყება.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იგულისხმება. ამის მიზეზი თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების და უკანონოდ საცხოვრებლად დარჩენის ფაქტების ზრდაა.
დოკუმენტი ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ვიზიტის შემდეგ გამოქვეყნდა.
უვიზო მიმოსვლა ამ ქვეყნების მოსახლეობას ევროკავშირში 90 დღით ჩასვლის უფლებას აძლევს. ეს ევროპაში ამ სახელმწიფოების ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად ითვლება.
ბოლო დროს გერმანია, საფრანგეთი და იტალია უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების ფაქტების გამო სულ უფრო მეტად უკმაყოფილოები არიან. ეს, ძირითადად, ალბანეთის, მოლდოვის, უკრაინის და სერბეთის მოსახლეობას ეხება.
ასევე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. უვიზო მიმოსვლის მექანიზმის შეჩერება სწორედ ამ მაჩვენებლის 50%-ით ზრდის შემთხვევაში განიხილება. ასევე, ეს საკითხი იმ შემთხვევაშიც განიხილება, თუ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა რეადმისიის შესახებ წესს არ იცავს.
დოკუმენტში გერმანიის მთავრობის შეფასებაც არის მოყვანილი, სადაც საუბარია მოლდოვაზე, რომლის მიხედვით ივნის-აგვისტოში ამ ქვეყნიდან თავშესაფრის მოთხოვნა 429%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მოლდოვასთან დაკავშირებით ადამიანებით ვაჭრობის პრობლემაც არის ნახსენები.
ამ სიაში მოლდოვა ბელგიამაც ახსენა. ჩეხეთი კი საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების გაზრდაზე საუბრობს.
ცნობისთვის, ნიდერლანდებმა ალბანეთთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება ჯერ კიდევ 2019 წელს მოითხოვა, მაგრამ ამსტერდამის ეს მოთხოვნა ევროკავშირის დანარჩენმა წევრებმა დაბლოკეს.
უვიზო მიმოსვლა ჩერნოგორიასთან, სერბეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირმა 2009 წლის დეკემბერში დააწესა. 2010 წელს ამ სიაში ალბანეთი და ბოსნია შევიდნენ, ხოლო 2014 წელს მოლდოვა, ბოლოს უვიზო მიმოსვლა საქართველომ და უკრაინამ, 2017 წელს მიიღეს.
წყარო: itv.ge