“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სუს-ის შენობაში განუცხადეს, რომ მის წინააღმდეგ შეკვეთილი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დასტურდება და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია.
გვარამიას განმარტებით, შესაბამისი ინფორმაცია, რომ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მიერ სნაიპერული შაშხანით მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა ერთი თვის წინ მიიღო და ანტიტერორისტულ სამსახურს მიმართა.
,,გამოკითხვის შემდეგ გამოვედი ჟურნალისტებთან და არაფერი მითქვამს. როგორც ჩანს, ეგონათ, რომ ყველაფერს ვიტყოდი. ეს ასე არ მოხდა. ამის შემდეგ გამოდის ადამიანი და თვითონ ამბობს ყველაფერს თავიდან ბოლომდე, რაც მე არ უნდა მეთქვა. ამით არამხოლოდ კონფიდენციალურობას და ჩემგან ჩამორთმეულ პირობას არღვევს, არამედ უქმნის საფრთხეს ჩემს სიცოცხლეს.
ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. მე არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, სიმართლეა ეს თუ არა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. მათ დაიწყეს გამოძიება და დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, რამდენიმე ადამიანი შსს-დან დამყვება. შემოთვლების დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია არ იყო სერიოზული და პრაქტიკულად გამორიცხავდნენ ყველაფერს, ასეთი ტიპის კომუნიკაცია იყო ჩემს ადვოკატთან. უცებ, დღეს რეკავენ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გითხრათო. შევედი და მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. არ ვიცი თუ ეგონათ, რომ იქ ძალიან შემეშინდებოდა, ეს ასე არც ახლა არ არის. ამის შემდეგ დაამატეს, რომ ჩემს გარდა იხილებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია, რაზეც განვუცხადე, რომ ამ ინფორმაციას მე არ უნდა მაწვდიდნენ და ჩემს საქმესთან კავშირში არ არის.
ვკითხე დასტურდებოდა თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაზეც განმიცხადეს, რომ უცხოეთის მოქალაქეები არიან. გამიორმაგეს დაცვის ღონისძიება, მაგრამ გაოგნებული, ვარ რომ უფროსის მოადგილე მოყვა შეკვეთილი მკვლელობის ამბავს, რომ პირები იდენტიფიცირებულები არიან და დასტურდება. პრაქტიკულად მათ უთხრეს ჩემი დაცვა უფრო მარტივია თუ რთული, მოყვნენ სხვა ჟურნალისტთან დაკავშირებით, რაც არც ჩემთვის, ასევე საზოგადოებისთვისაც არ უნდა ეთქვათ.
სუს-ის განცხადება ჩვენ არ მოგვისმენია ფარულ ჩანაწერებზე და ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, ან დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, მიზნად ისახავს საზოგადოების დაზაფვრას. ველოდები, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი აღმოჩნდება დამკვეთი. მეორე ვარიანტია, რომ ამით გადაიფარება ის, რაც მიმდინარეობს ტელეკომპანია „ფორმულაში“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე შესაძლოა რეალური საფრთხე არსებობდეს, რის გამოც გვარამიას უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიეცა.
როგორც მგელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს.