უნგრეთი სუვერენული სახელმწიფოა და თავად გადაწყვეტს, სად იყიდოს გაზი და როგორ მიიღოს ის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„გაზის ტრანსპორტირების მარშრუტის არჩევისას, ვეყრდნობით გზას, რომელიც უფრო დიდი უსაფრთხოების გარანტიას იძლევა. ვერავინ გვეტყვის, რა უნდა გავაკეთოთ. ვურჩევთ უკრაინელებს, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ საკუთარ პრობლემებს. ეს არ არის უკრაინის საქმე. ეს ეხება უნგრეთის სუვერენიტეტს “, – აღნიშნა პრემიერმა ორბანმა.
ბუდაპეშტმა რამდენიმე დღის წინ ხელი მოაწერა ახალ, 15 -წლიან კონტრაქტს „გაზპრომთან“, რომელიც ყოველწლიურად 4.5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის უკრაინის გვერდის ავლით მიწოდებას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინამ უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ეს იყო “წმინდა პოლიტიკური, ეკონომიკურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება”, რომელიც უნგრეთი-უკრაინის ურთიერთობებზე იმოქმედებდა. პასუხად უნგრეთმა უკრაინა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა და უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.