“შევარჩიეთ დრო, როცა ის მარტო იყო ბინაში” – პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი არჩევანი ვაკეში მდებარე საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც ის მეუღლესთან ერთად მივიდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ელოდება, რომ დღევანდელი დღე მშვიდად ჩაივლის და სხვა პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდა, “გამოიჩნონ პასუხისმგებლობა, რათა ქვეყანაში მშვიდობიანი, სამაგალითო არჩევნები ჩატარდეს”.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დაკავების ფაქტს და კითხვას, იცოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში იმყოფებოდა, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს :

“მე მოსახლეობას ვეტყვი, რომ ის ფაქტი, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა სააკაშვილის სამალავი ბინის კარი გააღეს გასაღებით, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, ვინ არის ჩამოშლილი დს სრულად გაკოტრებული, ეს ფაქტიც ამაზე მიუთითებს.

სიტუაცია იყო სრული კონტროლის ქვეშ, იმაზე მეტი ვიცოდით და ვიცით, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მშვიდობიანი შედეგი დამდგარიყო, შევარჩიეთ ის დრო, როცა სააკაშვილი იყო მარტო ამ ბინაში,”- განაცხადა პრემიერმა.

რატომ არ დააკავა პოლიციამ ბოლო 4 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი – პრემიერი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არსებობდა გარკვეული რისკები.

“პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურები ყოველთვის აფასებენ რისკებს. ამის თაობაზე შსს და უსაფრთხოების სამსახურები გააკეთებენ დამატებით კომენტარებს, მე დეტალების გამჟღავნებისგან თავს შევიკავებ,” – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

“რუსთავი2”