რუსი ექსპერტი სააკაშვილზე – ის საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირების გამწვავებას ცდილობს

„სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებით ევროკავშირს და საქართველოს შორის არსებული პრობლემების გამწვავებას ცდილობდა“, – ამის შესახებ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის პროფესორმა ნიკოლაი სილაევმა განაცხადა. ინფორმაციას gazeta.ru ავრცელებს.

ბოლო დროს საქართველოში რეფორმების გატარების საკითხზე „ქართულ ოცნებას“ და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში გარკვეული სირთულეები შეიქმნა.

„შეუძლია თუ არა ევროკავშირს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა – საკითხავია. გამოდის, რომ ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში მათ უნდა მოუწოდონ საქართველოს ხელისუფლებას მიაფურთხოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც კანონის უზენაესობის პრინციპს ნამდვილად არ შეესაბამება. ანუ ამ მოთხოვნით ევროკავშირს შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, რაც ბრიუსელში, ბუნებრივია, არ სურთ“, – აცხადებს ექსპერტი.

ექსპერტის აზრით, ევროკავშირს და თბილისის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე, შესაძლოა, დახურული შეხვედრები გამართონ და ბრიუსელმა შეიძლება მოუწოდოს თბილისს „სადღაც გააგზავნოს“ ექსპრეზიდენტი, მაგალითად, უკრაინაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება სანაცვლოდ რამეს მოითხოვს და იქნება ვაჭრობა. შესაძლოა „ქართულმა ოცნებამ“ ბრიუსელს ადგილობრივი არჩევნების აღიარება მოსთხოვოს.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის კამათი ივლისის შემდეგ მიმდინარეობს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან შეთანხმება გაწყვიტა, რომელიც აპრილში ევროკავშირის შუამავლობით გაფორმდა.

შეთანხმების ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი იყო, რომ თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ 2022 წელს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. შეთანხმების გაფორმების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტის მუშაობას დაუბრუნდა, რომლის ბოიკოტირებას ახდენდა 2020 წლის არჩევნების შემდეგ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.