რომელ ადგილზეა მსოფლიოში საქართველო, უცხოური ვალუტების მარაგით?

უცხოური ვალუტის ოფიციალური რეზერვებით, რომელთაც ეროვნული ბანკი განკარგავს, საქართველო მსოფლიოში 104-ე ადგილზეა 195 ქვეყანას შორის.

ყველა ქვეყნის ხელისუფლება უცხოური ვალუტის გარკვეულ მოცულობას არეზერვებს, რომელსაც ძირითადად ცენტრალური/ეროვნული ბანკები ფლობენ და აკონტროლებენ. რეზერვების დაგროვების მიზანი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობაა. რეზერვები იხარჯება, როდესაც ქვეყანა საგარეო შოკს განიცდის, ანუ ნაკლები უცხოური  ვალუტის შემოსვლის ან მთავრობის საგარეო ვალდებულებების მომსახურების დროს.

უცხოური ვალუტის რეზერვების მაღალი დონით ძირითადად ის ქვეყნები გამოირჩევიან, რომელთა ექსპორტი იმპორტზე მეტია, ანუ დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვთ. ეს ლოგიკურია, რადგან ამ დროს საგარეო ვაჭრობის შედეგად ქვეყნიდან უფრო ნაკლები უცხოური ვალუტა გადის, ვიდრე შემოდის.

ქვეყნების მიხედვით უცხოური ვალუტის რეზერვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღრიცხავს. რეზერვები მოიცავს როგორც სხვადასხვა უცხოურ ვალუტაში არსებულ ნაღდ ფულსა და დეპოზიტებს, ასევე ფასიან ქაღალდებსა და სესხების სპეციალურ უფლებებს (Special Drawing Rights – SDR). სესხის სპეციალური უფლებები არის საერთაშორისო სარეზერვო აქტივების ნაწილი, რომლებიც შექმნილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ და განაწილებულია წევრ-ქვეყნებს შორის ოფიციალური რეზერვების სტატუსით.

2021 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკი 4,117 მლნ დოლარის უცხოურ სარეზერვო აქტივებს ფლობს, საიდანაც 3,627 მლნ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვებია, ხოლო 492 მლნ დოლარი სესხების სპეციალური უფლებებია.  3,627 მლნ დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვებიდან 1,203 მლნ დოლარი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია, ხოლო 2,419 მლნ დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული. ფასიან ქაღალდებში განთავსების მიზანი რეზერვებიდან შემოსავლის მიღებაა.

2013 წლის ბოლოს საქართველოს ეროვნულ ბანკს 2,823 მლნ დოლარის რეზერვი ჰქონდა. 2014-2015 წლებში რეზერვები 2,521 მლნ დოლარამდე შემცირდა. 2016 წლიდან ზრდა დაიწყო და მაქსიმალურ მაჩვენებელს – 4,154 მლნ დოლარს 2021 წლის 31 მაისში მიაღწია. მას შემდეგ 37 მლნ დოლარით შემცირდა. მაისიდან აგვისტოს ბოლომდე კიდევ უფრო მეტად, 319 მლნ დოლარით, შემცირდა ცალკე აღებული უცხოური ვალუტის რეზერვები. ზოგადად მიჩნეულია, რომ, რაც მეტად აღემატება ქვეყნის რეზერვების მაჩვენებელი ბოლო სამი თვის იმპორტის საშუალო მაჩვენებელს, მით უფრო კარგია. 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს რეზერვები ბოლო 3 თვის იმპორტს 1.6-ჯერ აღემატება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური უცხოური სარეზერვო აქტივები, მლნ დოლარი

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი

ქვეყნები, რომლებსაც ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვები აქვთ

ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი ჩინეთს აქვს – 3.4 ტრილიონი დოლარი. ამის მთავარი მიზეზი ჩინეთის დადებითი სავაჭრო ბალანსია. 2020 წელს ჩინეთის ექსპორტმა იმპორტს 535 მილიარდი დოლარით გადააჭარბა.

მეორე ადგილზე იაპონიაა 1.4 ტრილიონი დოლარით, მესამეზე შვეიცარიაა ტრილიონი დოლარით. სხვა ქვეყნების რეზერვები ტრილიონ დოლარს ქვემოთაა.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვი რუსეთს აქვს – 618 მილიარდი დოლარის. შემდეგ მოდის თურქეთი 109 მილიარდი დოლარით, აზერბაიჯანი – 8 მილიარდი დოლარით და სომხეთი – 3 მილიარდი დოლარით.

ყველაზე ცოტა უცხოური ვალუტის რეზერვი კირიბატს აქვს – 6 მლნ დოლარი. კირიბატი პატარა ქვეყანაა, მისი ეკონომიკა 187 მლნ დოლარია. შემდეგ მოდის სომალი, რომელსაც 32 მლნ დოლარის რეზერვი აქვს. ბოლოდან მე-3 ადგილზე ბურკინა-ფასოა 45 მლნ დოლარით.

ყველაზე მეტი უცხოური ვალუტის რეზერვების მქონე ქვეყნები

ქვეყანა მილიარდი დოლარი
 ჩინეთი 3,409
 იაპონია 1,424
 შვეიცარია 1,088
 ინდოეთი 639
 რუსეთი 618
 ტაივანი 544
 ჰონგ-კონგი 497
 სამხრეთი კორეა 464
 საუდის არაბეთი 441
 სინგაპური 418

 

წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი/აღებულია: “ფორბსი-საქართველო”-დან