ბოკუჩავა: ქვეყნის უდიდესი სირცხვილია, როდესაც სააკაშვილი პუტინის დავალებით ციხეში ზის

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია.

მისივე თქმით, ქვეყნის უდიდესი სირცხვილია, როდესაც სააკაშვილი პუტინის დავალებით ზის ციხეში.

“ორად ორი პოლიტიკური აქტორია, ვისაც სურს პრეზიდენტი სააკაშვილი ციხეში – ეს არის ვლადიმერ პუტინი და ბიძინა ივანიშვილი. დღეს ღარიბაშვილის მდაბიო მონობის პატიმარი კი არ არის პრეზიდენტი სააკაშვილი, ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია. ჩემი აზრით, უდიდესი სირცხვილია ეს ქვეყნის, რომ დღეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში ზის პუტინის დავალებით. პუტინის ოცნება როგორც იქნა ივანიშვილმა აახდინა”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის ერთ-ერთ უბანში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილმა დაკავების შემდეგ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.