დამოუკიდებელმა გამომძიებლებმა „ზოდიაქოს“ სახელით ცნობილი სერიული მკვლელის ვინაობა დაადგინეს

ამერიკელი დამოუკიდებელი გამომძიებლების ჯგუფმა The Case Breakers-მა, რომელიც გამოუძიებელ დანაშაულებს სწავლობს, „ზოდიაქოს“ სახელით ცნობილი სერიული მკვლელის ვინაობა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

მათი აზრით, სერიულ მკვლელს გერი ფრენსის პოსტი ერქვა, ის მღებავი იყო და 2018 წელს გარდაიცვალა. გამომძიებლები აცხადებენ, რომ მისი ვინაობა ზოგიერთი ნივთმტკიცებისა და ამ დრომდე ცოცხალი მოწმეების ჩვენებების გამოყენებით დაადგინეს. მათივე თქმით, სერიული მკვლელის ვინაობის დადგენამ შესაძლოა მისი შიფრის ამოხსნას შეუწყოს ხელი.

„ზოდიაქოს“ მიერ ჩადენილი მკვლელობები 1960-1970-იანი წლებით თარიღდება. დადასტურებულია, რომ ის 7 ადამიანს დაესხა თავს, რომელთაგან 5 გარდაიცვალა, 2 კი გადარჩა. „ზოდიაქომ“ ადგილობრივ გაზეთებს რამდენიმე კრიპტოგრამა გაუგზავნა, რომელთაგან ერთ-ერთშიც, მისივე მტკიცებით, მისი ვინაობა სახელდებოდა. კრიპტოგრამების უმეტესობა უკვე ამოხსნილია, თუმცა თავდამსხმელი ვინაობა მათში არ აღმოჩნდა.

2020 წლის დეკემბერში ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფმა ამოხსნა „ზოდიაქოს“ შიფრი, რომლითაც მან 51 წლის წინ გაზეთ San Francisco Chronicle-ის რედაქციას წერილი მისწერა.

„იმედი მაქვს, რომ ერთობით, როდესაც ჩემს დაჭერას ცდილობთ. გაზის კამერის არ მეშინია, იმიტომ რომ ის სამოთხეში უფრო სწრაფად მომახვედრებს. ახლა საკმარისი რაოდენობის მონა მყავს, რათა ჩემ ნაცვლად იმუშაონ“, – წერდა სერიული მკვლელი.