კრემლის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის ნაბიჯი, ალიანსში რუსული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების შემცირებასთან დაკავშირებით, ურთიერთობის ნორმალიზებისა და დიალოგის განახლების შესაძლებლობას ძირს უთხრის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
,,ნატოს წარმომადგენლების განცხადებები, რომლებსაც ისინი ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით აკეთებენ, მათ რეალურ ქმედებებთან შეუსაბამოა“, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
რუსი დიპლომატის შეფასებით, ორგანიზაციის ქმედებები ურთიერთობების ნორმალიზებისა დიალოგის აღდგენის შესაძლებლობას არ იძლევა და მეტიც, მას სრულიად უთხრის ძირს.
ნატომ ბრიუსელიდან რუსეთის მისიის რვა თანამშრომელი გააძევა, რომლებიც ალიანსის შტაბ-ბინიდან „მტრული საქმიანობის“ შესახებ ეჭვის საფუძველზე დაითხოვეს.