რუსთავის ციხესთან, სადაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები, ხმაური და დაპირისპირებაა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, დაპირისპირების დროს დააკავეს ერთი პირი.
მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. 27 სექტემბერს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა ბილეთების ფოტო, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2 ოქტომბერს, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო. მმართველ გუნდში ამბობდნენ, რომ ის სიტყვას ისევ უღალატებდა და ჩამოსვლას ვერ გაბედავდა, მაგრამ თუ მაინც გაბედავდა, აეროპორტშივე დააკავებდნენ. თუმცა, არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს, სააკაშვილმა დაპოსტა, რომ საქართველოში იმყოფებოდა. რამდენიმე საათში მან ორი ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ბათუმშია და აქტიურად აპირებს ბრძოლას.
სანამ სააკაშვილი მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა, ქართულ ოცნებაში ამტკიცებდნენ, რომ ის არათუ ქვეყანაში შემოვიდა, უკრაინაში იყო. იმავეს ამბობდა შინაგან საქმეთა სამინისტროც და ამტკიცებდა, რომ მას არც უკრაინის და არც საქართველოს საზღვრები არ გადაუკვეთავს. ამ განცხადებებიდან რამდენიმე საათში პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, იმედის ეთერში პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და “ოპერატიული ტაქტიკის” გამო უწევდათ საპირისპირო განცხადებების გაკეთება.
პროკურატურის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ კვეთაზე მის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი განაცხადა, რომ ის ექსპრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს, რადგან მას ქვეყნის წინაშე ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. სააკაშვილი კი ბრალს არ აღიარებს, თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და შიმშილობას აგრძელებს.
წყარო: On.ge