ხათუნა სამნიძე – ღარიბაშვილი ღიად საუბრობს, რომ მისი გადასაწყვეტია, ვის რა მუხლს დაუმატებს – ნორმალურ ქვეყანაში ასეთი განცხადების შემდეგ პრემიერი პოსტს ვერ შეინარჩუნებდა.
ღარიბაშვილი ღიად საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება და მისი გადასაწყვეტია, ვის რა მუხლს დაუმატებს – რა თქმა უნდა, ნორმალურ ქვეყანაში ასეთი განცხადების შემდეგ პრემიერ- მინისტრი ვერ შეინარჩუნებდა პოსტს,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა, რომლებმაც სააკაშვილზე ღარიბაშვილის განცხადების გამო შეშფოთება გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი განცხადების შემდეგ პრემიერი პოსტს დატოვებდა.
“რა თქმა უნდა, არ ველოდები, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ნორმალური პრემიერია, ან მისი გადაწყვეტილებით დატოვებს ამ პოსტს. როგორც საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რას აპირებს ხელისუფლება. იმის ნაცვლად, რომ გვესმოდეს ზიზღის ენა, თავდასხმები, ბრალდებები, მითები და ამით დაკავებული იყოს პრემიერ- მინისტრი, უნდა ვიცოდეთ, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ხელისუფლება,”- განაცხადა სამნიძემ.
კითხვაზე, შეუერთდება თუ არა “ნაციონალური მოძრაობის” აქციას, სამნიძე პასუხობს, რომ აქციას ატარებს “ნაციონალური მოძრაობა”, თავად კი “რესპუბლიკურ პარტიას” წარმოადგენს.
“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების აქცია, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური გადაწყვეტილება გასაგებია, ეს მათი პოლიტიკური მოთხოვნაა დღეს და აქციები მათი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაა” – განაცხადა სამნიძემ.
წყარო: itv.ge