პირი, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა, აზერბაიჯანის მოქალაქეა

პირი, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა აზერბაიჯანის მოქალაქე, ზაურ ბუდაგოვია.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ის რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს და ერთ-ერთ კაზინოში, მენეჯერად მუშაობს.

ბუდაგოვი პოლიციამ დღეს დააკავა. მასთან ერთად დაკავებულია ორი მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.

შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებულმა, რომელიც კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელია, ორი მუშა დაიქირავა. მათივე ცნობით, ბუდაგოვის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

დაკავებულის ადვოკატი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ბუდაგოვმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სხვა დეტალებზე კი არ საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ ბინისა და სარდაფის გაერთიანების მოთხოვნით, ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდაგოვმა 4 ოქტომბერს მიმართა საჯარო რეესტრს რეგისტრაციისთვის, თუმცა რეესტრმა საბუთები დოკუმენტაციის არარსებობის გამო, მხოლოდ 8 ოქტომბერს, მას შემდეგ დაახარვეზა, რაც კორპუსის ერთი ნაწილი უკვე ჩამოინგრა.

 

“ალია”