ძნელია, როდესაც იატაკქვეშეთიდან იმართება ქვეყანა მდიდარი კაცის მიერ; როდესაც მდიდარი კაცი, თავისი გემოვნებით, ნიშნავს ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირს.
ხშირად გვესმის აშშ-ს საქართველოში ქაოსის შექმნა სურს და ამისთვის ებრძვის „ოცნების“ ხელისუფლებასო. გულუბრყვილო მოსაზრებაა, ვინაიდან შორსაა რეალობისგან. აშშ-სთვის ნაცებიც, ქოცებიც და ყველა სხვა პარტია — ერთ პარტიად აღიქმება, ვინაიდან ყველა მათგანს ევროატლანტიკური კურსი აქვს აღებული. ყველა მათგანი აშშ-ს ემონება და მზაობას გამოთქვამს მისი ნებისმიერი დავალების შესრულებისთვის.
ამდენად, აშშ-სთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია იქნება ქვეყნის სათავეში. მისთვის მთავარი ქვეყნის სტაბილურობაა, ამასთანავე იმ საშინაო პრობლემების მოგვარება, რომლისთვისაც იძლევა ფულს — არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, სასამართლო რეფორმების გატარება, ეკონომიკური ჩავარდნების გამოსწორება, მძიმე სოციალური ვითარების აღმოფხვრა და სხვა მრავალი.
რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება?
საქართველოს ინტერესების ხარჯზე ამერიკის მონა ხელისუფლება შეტევაზე გადადის , რადგან იმ მდიდარი კაცის ინტერესები მისთვის მაინც მთავარია და, ჩამოთვლილი პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, პირიქით, უტევს ამერიკა-ევროპას, ეუბნება რა მათ — ჩვენ რომ არ ვიყოთ, რუსეთი წაგლეკავდათო. ჩვენ სალ კლდესავით ვდგავართ თქვენი მშვიდობის სადარაჯოზეო. დამადლებასთან ერთად, შიგადაშიგ, დაჩაგრულის პოზიციიდანაც მოუწოდებს მათ — გვიშველეთ, მგელი (რუსეთი) მოდის, ფული და იარაღი მოგვაშველეთ თქვენი და ჩვენი გადარჩენისთვისო.
გაეროს 76-ე ასამბლეაზე გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა: „ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას არ მივაღწევთ. …“, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მყარი დასავლური კურსი. „რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული, არამედ აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენს გაწევრებას“.
ამჯერად მან თავი შეიკავა და არ თქვა, ისე, როგორც სხვა დროს, რომ რუსეთი ძირს უთხრის ევროპულ ოჯახს, მაგრამ თავი შეაცოდა მსოფლიოს — დაგვეხმარეთ და გაგვათავისუფლეთ რუსეთის ოკუპაციისგანო.
ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიდგომა რომ კონკრეტულობით არ გამოირჩევა, ფაქტია. მას აწყობს შექმნილი ვითარება, ვინაიდან მსოფლიოს მუდმივ ყურადღებას იპყრობს და აქედან გამომდინარე – ფინანსურ დახმარებასაც. დავუშვათ, ტერიტორიული საკითხი მოგვარდა და არც რუსული აგრესიაა მოსალოდნელი, ვის გაახსენდება საქართველო?
არც არავის. დღეს მას იმიტომ იხსენებენ, რომ რუსეთს ექიშპებიან და ამ ქიშპობაში „საწყალი“ საქართველოს მაგალითი მოჰყავთ.
ტერიტორიული მთლიანობის გამუდმებული ტრიალი მაგნიტივით იზიდავს მსოფლიოს რუსოფობებს და საქართველოს წინა პლანზე აყენებს. პროჟექტორებით გაკაშკაშებულ სცენაზე პოზირებას ისე მიეჩვია საქართველოს ხელისუფლება, საქმის დადებითად მოგვარების შემდეგ სხვა “სა-PR-ოს” გამოიგონებს. მანამდე კი, 30 ოქტომბრის განმეორებით არჩევნებს ჩაატარებს — ვნებათა ღელვით, გლადიატორთა შერკინებით.
ჰამლეტ ჭიპაშვილი
P. S. როგორც ყოველთვის, პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილის სტატიების სრულად ხილვა შეგიძლიათ საავტორო ვებ-გვერდზე “ისარი“.