ნიკა მელია – ხელისუფლება დაინტერესებულია სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებით

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, განაცხადეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, რომლებიც დღეს საღამოს პარტიის მხარდამჭერებთან ერთად რუსთავის ციხესთან მივიდნენ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს ციხეში შესული იყო სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელმაც შეატყობინა, რომ პატიმარს ორგანიზმში მკვეთრად მოემატა შაქრის დონე. უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ საჭიროებს კვალიფიციურ სამედიცინო დაკვირვებას.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებით. მან თქვა, რომ 14 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია დიდი საპროტესტო აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენელმა, გიორგი კაპანაძემ კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ციხესთან დარჩებიან, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

წყარო: itv.ge