ბათუმში, 8 ოქტომბერს დილით, დაახლოებით 11 საათისთვის 26 მაისისა და მემედ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე მდებარე კორპუსის ნაწილი ჩამოიშალა. ეს ფაქტი ასახა შენობის მოპირდაპირე მხარეს დამონტაჟებულმა სამეთვალყურეო კამერამ. კადრები მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ადამიანური მსხვერპლის თაობაზე, ამ ეტაპზე, ცნობილი არაფერია. ადგილობრივი მცხოვრებლების გამოკითხვის შედეგად, 10-დან 15 ადამიანის თაობაზე ვრცელდება ინფორმაცია, ვინც, შესაძლოა, ჩამოშლილი სახლის ნანგრევებშია მოყოლილი.
სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურები ადგილზე არიან მობილიზებული. მთელი დღის განმავლობაში 26 მაისის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მათი ინტენსივობა მძლავრი არაა იმ მიზეზის გამო, რომ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანებისთვის ეს, შესაძლოა, უფრო მეტად სახიფათო იყოს.
ბათუმში დღეს პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდნენ. მათ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, ადგილზე არსებული მდგომარეობა ნახეს. დილიდან კორპუსის ჩამონგრევის რამდენიმე ვერსიის თაობაზე მსჯელობდნენ. ოფიციალურად, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს სამთაო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას.
ბათუმში მყოფმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ტრაგედიის ყველა მიზეზს გაეცემა პასუხი. ის წინასწარ დასკვნების გაკეთებისგან თავს იკავებს. „პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები“,- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.
„სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა, მე ასე ვიტყოდი. ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია და არსებული ინფორმაციით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება. ყველა საშუალება აქვთ მათ. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. წინასწარ არ მინდა რაიმე დასკვნის გაკეთება“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსი გასული საუკუნის 70-იან წლებშია აშენებული. თავდაპირველად ის ხუთსართულიანი იყო, თუმცა უკანასკნელ წლებში მას ორი სართული დამატებით დაადგეს, ქვემოთ კი კომერციული ფართები მიამატეს. შენობა მთლიანად არ დაშლილა, ერთი სადარბაზოს ფლიგელი ჩამოინგრა. ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ბუნებრივი აირის გაჟონვას ადგილი არ ჰქონია.
„ვიცით, რომ ქვემოთ მიმდინარეობდა მშენებლობა და შესაძლოა, საყრდენ კედელთან დაკავშირებით მოხდა ჩარევა. ამ დროისთვის, არ ვიცით ნგრევის მიზეზი, მიმდინარეობს შესწავლა. 5 სართულია ჩამონგრეული. კონტაქტზე 2 ადამიანი გამოდის ტელეფონით ნანგრევებიდან, თუმცა. ვერ გვიხსნიან სად იმყოფებიან. ავარიის რამდენიმე ვერსია განიხილება. დაკავებული ამ ეტაპზე არავინ არაა,“- ამბობს ვახტანგ გომელაური.
https://www.amerikiskhma.com/embed/player/0/6263084.html?type=video
26 მაისის ქუჩის მცხოვრებლები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ კორპუსს, თავდაპირველად, ლიფტი არ ჰქონია. მოგვიანებით, მას შემდეგ რაც ის უკვე 7 სართლიანი გახდა, ლიფტი გარედან მიაშენეს. „როგორც ვიცი, შეკრიბეს ფული მაცხოვრებლებმა და ლიფტი მიადგეს. კორპუსი ავარიული არ ყოფილა. ამის თაობაზე არავის უთქვამს არასდროს, ვინც აქ ცხოვრობდა“ – აცხადებს ჩამონგრეული კორპუსის მეზობლად მცხოვრები ქალბატონი.
ბათუმში უნებართვო მშენებლობების თაობაზე აქტივისტები დიდი ხანია განცხადებებს აკეთებენ. ორგანიზაცია „ბათომი“ არასწორი და ქალაქისთვის მავნებლური განაშენიანების გამო რამდენიმე წელია იბრძვის. ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტრაგედია უკანასკნელი არ იქნება იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის წარმოებიდან გამომდინარე, რაზეც ბათუმის თვითმმართველობა თვალს ხუჭავს.
ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ბათუმში, ირმა ზოიძე ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ბათუმის ზედამხედველობის სამსახური მავნებლურ საქმიანობას ეწევა იმ დროს, როდესაც თვალს ხუჭავს უნებართვო და არაკანონიერ განაშენიანებაზე.
„უნებართვო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმში. ბოლო პერიოდში 7 კორპუსი აშენდა სრულიად უნებართვოდ, ეგრეთ წოდებულ ბონის ტერიტორიაზე. ახლა, ამ წუთას კი არ არის მხოლოდ ეს პრობლემა, რადგან ტრაგედიის წინაშე დავდექით, არამედ წლებია და ესაა არასწორი პოლიტიკის წარმოების პრობლემა. განაშენიანების სამსახური ნებართვას გასცემს კონვეირული პრინციპით. ქაოტური მშენებლობები არის წახალისებული. ურბანული ბუმია და სინამდვილეში სრული ქაოსია. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს ტრაგედია უკანასკნელი შემთხვევა იქნება. კორუფცია მმართველობაში არის უკონტროლობის მთავარი წყარო. ესპექრტებისა და სპეციალისტების ჩართვა არ ხდება მშენებლობის პროცესში. ქაოსში ვცხოვრობთ” – გვეუბნება ირმა ზოიძე.
ირაკლი ღარიბაშვილი და ვახტანგ გომელაური ბათუმში, ტრაგედიის ადგილას უკანასკნელი ინფორმაციით, ნანგრევებიდან ქალბატონი და მამაკაცია გამოყვანილი. უვნებლადაა ასევე ორი ბავშვი, რომლებიც შენობის მიმდებარე ავტომანქანიდან გამოიყვანეს. მათგან ერთს დასჭირდა სამედიცინო დახმარება.
შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა დროულად გაწმინდონ ტერიტორია. ადგილზე, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 300 მაშველი მუშაობს.
წყარო: amerikiskhma.com