რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ეთანხმება იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას კომენტარს, რომ იაპონიის სუვერენიტეტი სამხრეთ კურილის კუნძულებზე ვრცელდება.
„ჩვენ არ ვეთანხმებით ასეთ განცხადებას. ეს რუსეთის ტერიტორიაა და რუსეთმა არაერთხელ დაადასტურა თავისი პოლიტიკური ნება სხვადასხვა დონეზე გააგრძელოს იაპონიასთან დიალოგი იმ მგრძნობიარე საკითხების გადაჭრის მიზნით, რომელიც დღის წესრიგში რჩება“, – აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მანამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონიის სუვერენიტეტი სამხრეთ კურილის კუნძულებზე ვრცელდება.
„ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ჩრდილოეთ ტერიტორიებზე ვრცელდება. ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და მომდევნო თაობებს არ უნდა დავუტოვოთ. იაპონიის მთავრობა განწყობილია, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება დადოს და ამ კუნძულების ტერიტორიული კუთვნილების საკითხი გადაწყვიტოს“, – აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.