ეკატერინე ტიკარაძე – მიხეილ სააკაშვილის დასტურის შემდეგ მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობას დაიწყებს

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სააკაშვილის პირადი ექიმი შეხვდა ექსპერტთა ჯგუფს, თუმცა, მათთვის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუზიარებია, რადგან მას სააკაშვილი თანხმობა არ ჰქონდა.

– “ექსპერტთა ჯგუფი შევახვედრეთ პაციენტის პირად ექიმს, რათა მომხდარიყო მათ შორის კომუნიკაცია და ამ შეხვედრით მიგვეღო დასტური, რომ ეს ექსპერტები მისაღები არიან პირველ რიგში, პაციენტის პირადი ექიმისთვის. ამ ეტაპისთვის ველოდებით პაციენტისგან თანხმობას, რომ შესაძლებელია მან გაუზიაროს ექსპერტებს ჯანმრთელობის ის მონაცემები, რაც პაციენტის პირად ექიმს გააჩნია. იმის შემდეგ კი, როცა დასტურს მივიღებთ პაციენტისგან უკვე ჩაერთვებიან ექსპერტები ამ მოცემული ჯგუფის სამუშაო რეჟიმში. გვიჭირს ხოლმე კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რაც კონფიდენციალურია. ხშირად აღვნიშნავთ, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ. მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის გაეზიარებინა. ველოდებით პაციენტისგან თანხმობას და ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე საჭირო ყველა გამოსავალზე, რაც შემდგომში შეიძლება საჭირო გახდეს. მე არ მაქვს მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა საჭიროება იქნება გამოკვეთილი, შეირჩევა ჯგუფის მუშაობის ინტენსივობაც და ფორმატიც. ამ ეტაპზე მუშაობს პენიტენციური სამსახურის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც არის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის. ყოველივე ამის შეჯერება მათთან ერთად მოხდება“ – განაცხადა ტიკარაძემ.

წყარო: itv.ge