პაატა მანჯგალაძე: არ ვიცი ხვალინდელი აქცია როგორ დაეხმარება სააკაშვილს, მაგრამ იქ ვიდგები ყველანაირი პარტიული ატრიბუტიკის გარეშე.
– „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება, ის აქციაზე წასვლას მაინც აპირებს.
როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში განაცხადა,მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის პატიმრობაში პოლიტიკური მოტივის ძალიან დიდი წვლილია.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვალინდელ აქციაში არ მონაწილეობს. ყველა აქციაზე ვერ იქნება წარმოდგენილი პარტია და პარტიული სიმბოლოები, სადაც ინდივიდუალურადაც შეგვიძლია გადავწყვიტოთ ჩვენი პირადი მონაწილეობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ძალიან დიდი წვლილია პოლიტიკური მოტივის, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად არის დაინტერესებული მისი პატიმრობით. ვალერი გელაშვილის საქმეც ვიცი, გირგვლიანის საქმეც, მაგრამ მარტივ კითხვას უნდა ვუპასუხოთ – დღეს არის თუ არა საქართველოში პოლიტიკურად თავისუფალი სასამართლო? – ამას უნდა ვუპასუხოთ. მის ბრალეულობას ხომ არ გამოვრიცხავთ? ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მაღალი პოლიტიკური ინტერესი აქვს ხელისუფლებას. არ ვიცი ხვალინდელი აქცია როგორ დაეხმარება სააკაშვილს, მაგრამ მე, როგორც მოქალაქე, ერთი ადამიანი იქ ვიდგები ყველანაირი პარტიული ატრიბუტიკის გარეშე. პარტიას არ ვემიჯნები, პარტიაში ძალიან თავისუფლად არის ეს საკითხი, ეს არ არის პარტიული დისციპლინის საკითხი. ჩვენ უნდა დავასრულოთ, რომ ყოფილი ხელისუფლება კლავს, მერე ვიღაცა იჭერს, ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც ყველას ერთმანეთის ნდობა ექნება.
ხელისუფლებიდან წასვლა არ ნიშნავს ან დაჭერას ან სიკვდილს! მე ეს სტანდარტი მინდა შემოვიტანო და საერთოდ არ მაინტერესებს პარტიული კუთვნილება. ვიცი, რომ შიმშილობის ყოველი დღე მისთვის იქნება სასიცოცხლო რესურსის ამოწურვა და ნამდვილად არ მინდა,საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ვინც არ უნდა იყოს ის, ტრაგიკულად დაასრულოს სიცოცხლე“ – განაცხადა მანჯგალაძემ.
წყარო: პალიტრანიუსი