ლანა ღოღობერიძე – უცნაურია, მაგრამ არ ვფიქრობ ასაკზე …

კინორეჟისორი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი ლანა ღოღობერიძე 1928 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა.

– “… უცნაურია, მაგრამ არ ვფიქრობ ასაკზე. ალბათ იმიტომ, რომ ცხოვრება ყოველ წუთს სავსეა წვრილმანებით, რაც გახარებს – შენი შვილი რაღაცას ძალიან კარგს იტყვის, ან სკოლაში რაიმე საინტერესოს გააკეთებს, ან გახვალ ქუჩაში და კარგ რამეს დაინახავ, ან ვინმე გაგიღიმებს.

სავსეა ცხოვრება მოულოდნელობებით და ამითაა საინტერესო. ბებიაჩემი 72 წლის გარდაიცვალა და ეს 72 წელი ჩემთვის იყო ზღვარი. ახალგაზრდობაში ვერ ან არ წარმომედგინა, რომ იმის იქით რაიმე არსებობდა. მახსოვს, ბავშვობაში 2000 წლის მოსვლას ველოდი და ვფიქრობდი, საუკუნე რომ გაივლის და ახალი საუკუნე დადგება, ეს სხვა ხალხის საუკუნე იქნებოდა. ჩემი თავი საერთოდ ვერ წარმომედგინა ამ საუკუნეში, დარდით კი არა, უბრალოდ მეგონა, აღარ იყო ჩემი ადგილი და ახლა აღმოჩნდა, რომ არის.”

– ბავშვობა მუდმივად ცოცხლობს ადამიანში, რადგან ეს თანდაყოლილი თვისებაა. ტყუილად არ არის ნათქვამი – „ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ”.
მართლაც ასეა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ბავშვობა, ის მაინც ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელია.

ბავშვობის სურათსაც რომ დახედავ, ის უკვე მთელი სამყაროა – გულუბრყვილობის, სამყაროს პირველადი აღქმის, სიხარულის. ზღაპრის სიყვარული ბავშვისათვის არის დამახასიათებელი, მაგრამ თუ ის გრძელდება მოწიფულ ასაკშიც, მხოლოდ დადებითი იმპულსების მომცემია.
დედაჩემი – ნუცა (ნინო) ხუციშვილი მიყვებოდა, ბავშვობაში რამეს რომ გიყვებოდი ან გიკითხავდი, წინასწარ მეკითხებოდი – სატირალი ხომ არ არისო. არ მინდოდა სატირალი. მერე დედაჩემმა თავის მოთხრობაში დაწერა – გადასახლებიდან როგორ შეგისრულო ეს სურვილი და როგორ არ მოგწერო სატირალი ამბებიო.

ცხოვრება თან სატირალია და თან სასიხარულო. პირველად ჩემი საყვარელი ზღაპარი „წიქარა” იყო, შემდეგ უკვე „წითელქუდა”, რომელიც დედაჩემმა თარგმნა ფრანგულიდან, როცა პატარა ვიყავი. ამიტომ ეს ჩემი ზღაპარია.

– მშობლებთან განშორება, თავისთავად ცხადია, აისახა ჩემს ცხოვრებაზეც.
დედაჩემი, სულ ადრეულ ბავშვობაში, ჩემთვის ყველაფრის განმსაზღვრელი იყო, 7 წლის ვიყავი, რომ გადაასახლეს და 10 წელი მის გარეშე გავიზარდე. ეს შეგრძნებებიც დავკარგე, რაღაც ფორმალურ ასპექტში გადავიდა დედასთან ურთიერთობა. კონკრეტული ურთიერთობაც აღარ მქონდა. რუსულად უნდა მიმეწერა წერილი, როცა წერილის მიწერის უფლება მოგვცეს. უცხო ენაზე დაწერილი წერილებიც, რაღაც ხელოვნური იყო. ნამდვილს ვერაფერს ვწერდი და არც მქონდა მოთხოვნილება.

10 წლის შემდეგ, როდესაც დედა დაბრუნდა, დიდი ხანი გავიდა, სანამ უბრალოდ შევძელი მეთქვა სიტყვა – დედა. ვერ ვამბობდი და როცა ვთქვი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლად გამიჩნდა დედა ცხოვრებაში. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დედაჩემი ჩემთვის ნამდვილი მეგობარი გახდა, და არა მარტო ჩემთვის, ყველა ჩემი მეგობრისთვის. სულ სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ბევრად უფრო ინტენსიური და პიროვნების აღქმაზე დამყარებული, ვიდრე ჩვეულებრივ არის დედის და შვილის.

საოცარი პიროვნება იყო დ ე დ ა ჩ ე მ ი … მე დედაჩემთან მქონდა სულ სხვა ტიპის მიწერ-მოწერა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ წავიკითხე ეს წერილები და მართლა გამიკვირდა. მთელი უშველებელი წერილი მქონდა მიწერილი ნოვალისზე.
.. . ის იყო პირველი ქალი რეჟისორი საბჭოთა კავშირში, რომელმაც მხატვრული ფილმი ( “ბუბა”) გადაიღო 1930 წელს, 27 წლის ასაკში. შემდეგ დაიჭირეს და ყველაფერი დასრულდა. ფილმები სადღაც გაქრა. შემდეგ ერთი მათგანი ვიპოვე მოსკოვის არქივში და შევძელი მისი ჩამოტანა საქართველოში. ამის შემდეგ ფილმი პირველად აჩვენეს ლონდონში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში.

დედის გადასახლების შემდეგ მე ვიყავი გარემოცული დეიდებით, ბიძებით. ისეთი ადამიანებით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანნი იყვნენ ჩემთვის, განსაკუთრებით ბიძა – რაჟდენ ხუციშვილი. იგი ფიზიკოსი იყო.
13 წლის ვიყავი, როდესაც ბიძაჩემი დაიჭირეს და მალევე ციხეში გარდაიცვალა. ეს კიდევ უფრო დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, რადგან უკვე გააზრებული მქონდა, რას ნიშნავდა განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვა.

– სულაც არ აღვიქვამ თავს ძლიერ ადამიანად. ბუნებრივად ვარ ასეთი. წარსულზე როცა ვლაპარაკობ, თითქოს გამოდის, რომ მსხვერპლი ვიყავი. არადა საერთოდ არ აღვიქვამ თავს მსხვერპლად, არც მაშინ და არც ახლა. იყო პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმები, რომელშიც ყველა ვიყავით მოქცეულები. ამიტომ, ეს სულაც არ იყო მხოლოდ ჩემი განსაკუთრებული ხვედრი.
… რუსეთში ბევრად უფრო მძვინვარებდა რეპრესიებით გამოწვეული შიში. სულ მახსენდება ვინ როგორ დამეხმარა. ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი იყო და ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა.

… მახსოვს უნივერსიტეტის რ ე ქ ტ ო რ ი ს, ნიკო კეცხოველის განსაკუთრებული დამოკიდებულება.

პირველად თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე,მაგრამ ჩემი მასწავლებლის წასვლის გამო შუა წელში მომიწია სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლა. ამ პერიოდშიც კი ნიკო კეცხოველმა უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სრულიად უპრობლემოდ მიმიღო. ერთხელ დამიბარა და მითხრა, გადაწყვეტილია, სტალინური სტიპენდია უნდა მოგცეთ, მაგრამ ვერ შევძლებთ, თუ კომკავშირში არ შეხვალო. ძალიან მთხოვა, ეს ნაბიჯი გადამედგა.

დიდი დილემა მქონდა, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს დავთანხმდი, შევედი კომკავშირში, მაგრამ სტალინური სტიპენდია მაინც არ მომცეს. ამის წინააღმდეგ წავიდა უნივერსიტეტის КГБ-ს პირველი განყოფილება. ეს განყოფილება ეწინააღმდეგებოდა იმასაც, რომ ასპირანტურაში ჩამებარებინა. მაგრამ ნიკო კეცხოველმა ყველაფერი გააკეთა, რომ მოვხვედრილიყავი ასპირანტურაში. წინააღმდეგობები როგორ არ იყო, მაგრამ მე ის უფრო მახსოვს, ვისი დახმარებით გადავლახე.

პოლიტიკური წნეხი სულ იყო, მაგრამ არა მხოლოდ კონკრეტულად ჩემს მიმართ, საერთოდ იყო ყველა ადამიანზე, რომელსაც რაღაცის თქმა უნდოდა და შემოქმედებითი პოტენციალი ჰქონდა.

დიდი ბრძოლა იყო, როდესაც დისერტაციის თემად ავირჩიე უოლტ უ ი ტ მ ე ნ ი. ეს ისეთ უცნაურობად ჩანდა იმ დროინდელ ლიტერატურათმცოდნეობაში.
… დისერტაციის ხელმძღვანელი იყო შალვა ნ უ ც უ ბ ი ძ ე. მას ესმოდა, რომ ძალიან მინდოდა უიტმენის შემოქმედებაზე მუშაობა, რომელზეც უკვე დაწერილი მქონდა საკურსო შრომა და თან ვთარგმნიდი მის ლექსებს. ნუცუბიძე ძალიან ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთხელ შემხვდა უნივერსიტეტში გახარებული და მაჩვენა ამონაწერი, სადაც ეწერა, თურმე სადღაც, ოდესღაც სტალინს ერთ-ერთ წერილში ჰქონდა ნახსენები უიტმენის ფრაზა. ეს უკვე ისეთი რამე იყო, რომელსაც ვერავითარი კათედრის გამგე ვერ დაუპირისპირდებოდა. შალვა ნუცუბიძემ ეს ამონარიდი დაუდო კათედრის გამგეს და მან, თურმე, მხოლოდ ხელები გაასავსავა. ასე დავწერე დისერტაცია უიტმენის შესახებ. ბავშვობაში და მოზარდობის პერიოდში მე და ჩემი მეგობრები გატაცებულები ვიყავით პოეზიით. ალბათ, ასე ვემალებოდით რეალობას, რომელიც ძალიან საშინელი იყო. ეს რეპრესიების, ტერორის და შიშის ეპოქა იყო.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ სიტუაციიდან რაღაც ჩვენებური გამოსავალი ვიპოვეთ. 14-15 წლის ბავშვები ვიკრიბებოდით პიონერთა სასახლეში, რომელიც, თითქოს, საბჭოთა იდეოლოგიის საყრდენი უნდა ყოფილიყო, იქ კი ყველაფერი პირიქით ხდებოდა. ეს იყო თავისუფალი სივრცე.

უცნაური რამ იყო – საბჭოთა სინამდვილის რაღაც პარადოქსი … ვწერდით ლექსებს, რომლებიც ნამდვილად ძალიან კარგი იყო. იქ იყვნენ რეზო თაბუკაშვილი, თამაზ ჩხენკელი, გურამ ასათიანი, ზურაბ კაკაბაძე, მელორ სტურუა. მოკლედ, ისეთი ადამიანები, რომლებიც შემდეგ ძალიან ცნობილი პოეტები და მწერლები გახდნენ. ვფიქრობ, რომ, არსებითად, ამან გადაგვარჩინა, რადგან ჩვენ ა რ გ ა ვ ბ ო რ ო ტ დ ი თ, არამედ რაღაც ნაპერწკალით ვცხოვრობდით” …

წყარო: ptn.ge