ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილი ცდის “ქართული ოცნების” სიმტკიცეს.
– სააკაშვილი ციხეშია. ის იჩაგრება და მისი ჯანმრთელობა ზიანდება. მთელი ჩემი ცხოვრება სააკაშვილს ვუტევ და ვლანძღავ, მიმაჩნია, რომ დააქცია ქვეყანა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში პასუხისმგებლობა არის მთლიანად ხელისუფლებაზე.
მე მინდა მოვუწოდო სააკაშვილს, რომ მტკიცედ იყოს და ბოლომდე იყოს. დღეს პრაქტიკულად ის ერთი ადამიანი უტევს მთელ “ქართულ ოცნებას” და თუ მტკიცედ იქნება და მეორე ტურამდე გაძლებს, ეს ძალიან დიდი გამოწვევა იქნება “ქართული ოცნებისთვის”.
– რა უნდა ექნა ხელისუფლებას?
– არ უნდა ჩაესვა ციხეში. გაეყვანა სადმე ცალკე, თუნდაც შინა პატიმრობა მიესაჯა. როგორც წესი, ციხეში პრეზიდენტებს არ სვამენ. ან სად გინახავთ მსოფლიოში, რომ პრეზიდენტები შიმშილობდნენ? როგორც კი სააკაშვილი გაუძლებს ამ შიმშილობას, ხომ ვერავინ იტანს მას, უცებ გახდება გმირი. მის მიმართ სიმპათიები გაიზრდება. ჩემშიც კი სიმპათიებს იწვევს უკვე.
– მეორე ტურამდე ალბათ არ გამოუშვებს, მერე რა იქნება?
– სააკაშვილმა გამოიჭირა “ქართული ოცნება”, რომელიც მისგან ასეთ ვაჟკაცურ საქციელს არ ელოდა. როგორც სააკაშვილი დააბოლეს უკრაინაში, ჩამოდი, შენ გელოდება ყველაო, ასევე დააბოლეს ივანიშვილი და უთხრეს, სააკაშვილი გატყდებაო. ამიტომ მე მოვუწოდებ მას, რომ არ გატყდეს. სააკაშვილის არ გატყდომაზე დამოკიდებულია სახელმწიფოს ინტერესები.
– არ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა?
– რადგან ასე ცინიკურად და უნამუსოდ დაუპირისპირდა “ქართული ოცნება” მის შიმშილობას, რამდენ წყლიან თაფლს იღებდა, ის დაუთვალეს, ეს ყოვლად ამორალური ქცევებია. ამ ფონზე სააკაშვილმა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა