“დადგენილია წესები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა კოვიდ ინფექცია აქვს – ალბათ, შესაბამისი რეაქცია იქნება, თუ დადასტურდება, რომ უგულავამ წესები დაარღვია,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რითაც გიგი უგულავას აქციაზე გამოჩენას გამოეხმაურა, რომელმაც 7 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოვიდი დაუდასტურდა.
კითხვაზე, დააჯრიმებენ თუ არა უგულავას, სერგეენკო აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„ამ საკითხით თამაში არაფრით შეიძლება, პოლიტიკას და იმიჯის შექმნას არ უნდა შესწირო ადამიანების ჯანმრთელობა, ეს არ უნდა დადო საპირწონედ, არაფრით შეიძლება, არაფრის ფასად, სანამ იზოლაციის პერიოდი არ გაქვს გავლილი, ირგვლივ მყოფებს ასეთი რისკი არ უნდა შეუქმნა. ვერაფრით გავამართლებ ამ საქციელს.
დადგენილია წესები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა კოვიდინფექცია აქვს, ამის დარღვევა არაფრით შეიძლება. რაც შეეხება, რატომ არ მოხდა რეაქცია, ალბათ, შესაბამისი რეაქცია იქნება, თუ დადასტურდება, რომ მან ეს წესები დაარღვია.
ახლა ყველანი ვსაუბრობთ იმაზე, რაც ამ ადამიანმა თქვა და ეს არ არის ურყევი ჭეშმარიტება, რომ ახლა ყველანი დავიძრათ პარლამენტიდან და პასუხი მოვთხოვოთ. არის ამის სამსახურები, რომლებიც შეისწავლიან და მიხედავენ. კანონის წინაშე ყველა თანასწორია,“ – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისათვის, გიგი უგულავას განცხადებით, აქციაზე გასვლამდე მან ტესტი ჩაიტარა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, ხოლო აქციაზე მისვლა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა.
“ალია”