ინგლისში, ფოტოგრაფმა ეშლი კუპერმა, ტყეში უჩვეულო სურათი იხილა – ორი ადამიანისთვის გაწყობილი და მიტოვებული სუფრა, – ამის შესახებ BBC წერს.
კუპერი ამბობს, რომ, თავდაპირველად, ეს რომელიმე ხელოვანის მიერ მოწყობილი ინსტალაცია ეგონა, თუმცა, ეჭვი მას შემდეგ გაუქარწყლდა, რაც აღმოაჩინა, რომ საჭმელი ნახევრად შეჭმული, შამპანურის ნაწილი კი უკვე დალეული იყო.
„ალბათ, ამის უკან დგას ვინმე ინსტაგრამის თაობიდან. ეს ჰგავს რომანტიკულ ვახშამს ტყეში, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ დასუფთავება არ შეუძლიათ. ბევრს იწვალებდნენ ამ ყველაფრის მოსაწყობად – უახლოესი გზა აქედან თითქმის ერთ კილომეტრშია, მაგრამ, როგორც ჩანს, ჭამის შემდეგ, უბრალოდ, ადგნენ და ყველაფერი ასე დატოვეს“, – აცხადებს კუპერი.
მისივე თქმით, ტყე, სადაც ტბაცაა, მრავალ ადამიანს იზიდავს, თუმცა, არაერთი ვიზიტორი ნაგავს ადგილზე ტოვებს.
„ისინი ამ ადგილს პატივს არ სცემენ. ეს ხალხი ნამდვილად არ განიცდის ფულის ნაკლებობას, მაგრამ არ აქვთ სინდისი და სოციალური პასუხისმგებლობა“, – ამბობს ის.