რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა მძიმეა.
მისი თქმით, ვირუსის გავრცელებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მასობრივი თავშეყრები, რომლებიც ბოლო პერიოდში აქტიურად იმართება.
„მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო. არ მესმის იმ ადამიანების ფსიქოლოგია, რომელიც საკლასო ოთახში შედის და არ არის აცრილი.
რეანიმაციაში ადამიანები იხოცებიან წარმოუდგენელი, საშინელი სიკვდილით. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ამიტომ აუცილებელია ვაქცინაცია.
ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვაქვს – სოციალური პასუხისმგებლობა, რაც არის ნიღაბი, დისტანცია და არავითარი ასეთი მასობრივი შეხვედრები, რომლებიც გაიმართა, ამის შედეგებს, როგორც იტყვიან, წიწილებს, ცოტა ხანში დავითვლით. ასევე აცრა, აცრა და აცრა, იმ არგუმენტს ვერ მივიღებ, რომ აცრილი ვიყავი და დამემართა, მეც დამემართა და ძალიან მსუბუქად გადავიტანე.
საზოგადოებრივ ჯანდაცვაში არის დაუწერელი კანონი, რომელიც დაწერილია შავით თეთრზე, ვერაფერს ვერ შეასრულებს სახელმწიფო სამსახურები თუ მას გვერდით არ დაუდგა საზოგადოება და ესენი სინქრონში ერთად არ იბრძოლებენ ამ ეპიდემიის წინააღმდეგ“, – აცხადებს დევი ტაბიძე.