ბობოლა გარეწართა და მათ ნაზირ-ვეზირთათვის ქეჩოში ხელის ჩავლების დროა – გრინ ბარეტი

მოგესალმებით!..
დავწერე და დავტესტე, – ერთ წუთზე ცოტა მეტი დასჭირდა საშუალო ტემპით კითხვას და თუ არ დამზარდებით – დამავალებთ….
……

ოცდაათი წელიწადია ყალიბდება და დუღაბდება მავნებლური კასტა, ვინც ჩვენ, ყველა, სოფლელი თუ ქალაქელი, სვეტი თუ ბოგანო, განათლებული და გაუნათლებელი, კაცი თუ ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა… მთელი ერი, გაგვხადა პოლიტიკის “ექსპერტები” და პოლიტიკაზე დამოკიდებულები… და ამგვარ ფატალურ ნარკოტიკულ თრობაში დაგვავიწყა, რომ ამ, არცთუ ხანგრძლივ ცხოვრებაში ბევრი სხვა, უფრო საჭირო, უფრო სასიამოვნო თემები და სფეროები არსებობს…

ბევრად უფრო საჭირო და სასიამოვნო ადამიანები არსებობენ ტელეეთერების “პრაიმტაიმებისთვის,” ბევრად უფრო საჭირონი და საინტერესონი შეიძლება ვიყოთ თავად ჩვენ, ვიდრე ეს საარჩევნო ხმებისა და ნაც-ქოცებს შორის ხელებზე თოკგამობმული და გასაგლეჯად გამეტებული ერთი ნაჭერი საზარბაზნე ხორცის პოზაში და როლში ყოფნაა…

ვიდრე მორიგი “ბელადის” მოლოდინში ამ ორის ბინძურ თამაშებში პაიკის როლში ყოფნაა, რომელიც მხოლოდ საარჩევნოდ ამოაქვთ ყუთიდან და ისე რომ თავისი ნებით სვლასაც კი არ აკეთებინებენ, ისევ ყუთში მოისვრიან ხოლმე… და ასე დაუსრულებლად…

კიარადა მანამ, სანამ ჩვენ წილ წუთისოფელს ჭირსა და ვარამში არ ამოვჭამთ და მერე კი სხვა პაიკები მოუვლენ. ამიტომაც აინტერესებს ყველა ამ ეგრეთწოდებულ პარტიას ახალგაზრდების გადაბირება…

რადგან თვლიან, რომ მათ ჯერ არ იციან ის, რაც ჩვენ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ამაოა და ყველაფერი ერთ წრეზე ტრიალებს… რომ ისინიც თვითმყოფადობის ყალბი ლოზუნგით ისეთივე მორჩილ ბალასტად გამოზარდონ, როგორებიც სამწუხაროდ ჩვენ გაგვხადეს და ოცდაათი წელიწადია გვაცოდვილებენ…

ხოდა ვიდრე ცალკერძ შიმშილით და ცალკერძ კოვიდით სრულად არ ამოვუწყვეტივართ, იქნებ მივხვდეთ, რომ ამოძრავების, აზვირთების დროა, ვიდრე დამდგარი წყლის მსგავსად ტანზე და სულში მატლები არ გაგვჩენია. ბობოლა გარეწართა და მათ ნაზირ-ვეზირთათვის ქეჩოში ხელის ჩავლების დროა, ვიდრე ბოლომდე გასვლიათ ყველაფერი რაც ჩაფიქრებული და ურთიერთშეთანხმებული აქვთ.

გამოღვიძების დროა, ვიდრე ძილშივე არ დაუსვამთ გარდაცვალების დიაგნოზი…

ეჰ… თუმცა ამ ყველაფერს ერთსულ და ერთხორც ერის უკეთესი ნაწილის გაერთიანება და შეკვრა სჭირდება, რაც, სამწუხაროდ, ძალიან გვიანია და ბევრ სუბიექტურ, მათ შორის გვარიანად გაუკუღმართებულ მენტალურ ფაქტორთა გათვალისწინებით უკვე იმაზე მეტი უტოპია გახდა, ვიდრე თავის დროზე კომუნიზმის დადგომა იყო, არადა – რა ფეოდალი ბიძინა, რის დატუსაღებულ-წამებული მიშა… – ერთმანეთს, საკუთარ თავს და საკუთარ ქვეყანას მიხედეთ ხალხო!!!

მორჩა!.. – მე წავედი… და თუ მაინც გამოღვიძებას დააპირებთ, – ზიბოს ზარზე არა, მაგრამ საკუთარი გენეტიკური ინსტინქტებით აუცილებლად გავიგებ და მოვალ…
/გრინ ბარეტი/

სოციალური ქსელი;  გრინ ბარეტი, ჟურნალისტი