საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს დღეს ეწვევა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა საგარეო უწყებაში შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრების დროს ქვეყნის წინაშე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გამახვილდება ყურადღება, ასევე ქვეყნის ლიდერებისგან ხაზი გაესმევა ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას.
„ეს არის უდიდესი მნიშვნელობის ვიზიტი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს სტუმრობდა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი. ეს ადასტურებს ალიანსსა და ჩვენს ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობას, პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის მზარდ დინამიკას. ალიანსის წარმომადგენელთან ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის წინაშე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ისევე, როგორც შავ ზღვაზე ალიანსის გაზრდილი ჩართულობის აუცილებლობაზე. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ხაზი გაესმევა ალიანსში საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობას, რაც განპირობებულია ჩვენი ქვეყნის მხრიდან ვაშინგტონის ხელშეკრულების პრინციპებისადმი ერთგულებით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ აქტიური წვლილის შეტანის არამხოლოდ მზაობით, არამედ ამის ძალიან დიდი გამოცდილებით და რა თქმა უნდა, რეგიონში არსებული მომეტებული საფრთხეებისა და აგრესიული რუსული ქმედებების გათვალისწინებით“ – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
წყარო: 1tv.ge