ამჟამად კლინიკაში 108 პაციენტია, აქედან რეანიმაციაში მკურნალობს 21 და 4 თავისუფალი ადგილია, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში ამჟამად თავისუფალი ადგილები არის.
„მომართვიანობა სხვა ინფექციების გამო გაიზარდა, რადგანაც სეზონური ვირუსები დაიწყო და „ტვინდემია“ ნამდვილად სახეზეა, დაწყებულია მეხუთე ტალღა, რადგან შემთხვევების რაოდენობა კატასტროფულად მომატებულია. ვფიქრობ, რომ მეხუთე ტალღა უფრო მძიმე იქნება“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 670 552 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 616 937, გარდაიცვალა 9 546 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
“იმედინიუსი”