ვლადიმერ გუცაევი – 19-წლამდელთა ნაკრების გამოსვლა დიდი წარმატებაა

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწმყვანმა, ლეგენდარულმა დინამოელმა ვლადიმერ გუცაევმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს 19-წლამდე ნაკრების წარმატებულ გამოსვლაზე ილაპარაკა.

– ვასიკო ჩემი ძველი მეგობარია და ძალიან გამიხარდა, როდესაც მისი გუნდის წარმატების ამბავი გავიგე. ნორვეგიის 19-წლამდელთა ნაკრები ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრებია, პრესაშიც წამიკითხია და ვასიკოსაც ველაპარაკე. დიდი წარმატებაა. ალბათ, მთელი საქართველო ულოცავს გუნდს პირველ ადგილზე გასვლას, რადგან ქართულ ფეხბურთში ჯერჯერობით ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ ნებისმიერი მოგება ხალხს უხარია, მით უფრო, ახალგაზრდები რომ იგებენ და თანაც ასეთ სერიოზულ კონკურენტებთან. უელსთან და ნორვეგიასთან ჯგუფში პირველ ადგილს რომ დაიკავებ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.