კრემლი ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს ჩინეთის მიერ ჰიპერბგერითი ბირთვული რაკეტის გამოცდაში, რაზეც დასავლური მედია წერს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ მოკავშირული ურთიერთობები გვაქვს, ჩინეთი არ სცდება საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებს“, − აღნიშნა პესკოვმა და იქვე დაამატა, რომ ჰიპერბგერით რაკეტებს შეერთებული შტატებიც ცდის.
იმ ფაქტის შესახებ, რომ ჩინეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა აგვისტოში, ფართო საზოგადოებამ ახლაღა შეიტყო გაზეთ Financial Times-სგან. როგორც გამოცემა წერდა, რაკეტამ ისე შემოუფრინა დედამიწას, რომ მსოფლიოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა ვერ შენიშნეს.
მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზაფხულში კოსმოსური ხომალდი გამოიცადა და არა ბალისტიკური რაკეტა.