„ამის მოთმენა აღარ შემიძლია“ – ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მეუღლე დახმარებას ითხოვს

2020 წელს, ესპანეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი 34 წლის ცირა ალიხანაშვილის მეუღლე, მამუკა ნაჭყებია, ცოლის საქართველოში გადმოსვენებას ითხოვს და საქართველოს მთავრობას, საქართველოს საპატრიარქოსა და ესპანეთში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს დახმარებისთვის მიმართავს.

გარდაცვლილის ქმარმა ვიდეო მიმართვა 18 ოქტომბერს ჩაწერა. ვიდეოს “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

„მოგმართავთ თხოვნით, გადმომასვენებინოთ ცირა საქართველოში. როდესაც ესპანეთში ვიყავი [ცოლის გარდაცვალებისას], თქვენი მხარდაჭერით მივაღწიეთ იმას, რომ ცირა არ დაგვეწვა და ის დაეკრძალათ. ამისთვის მადლობას მოგახსენებთ. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის, მაგრამ დადგა ის დრო, როცა ჩემი შვილები დღე და ღამ მთხოვენ, რომ დედა ჰყავდეთ საქართველოში. ამის მოთმენა აღარ შემიძლია. ადამიანი ვარ და ნერვები მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დღეში ვარ, ბავშვებს ვატყუებ, ხან ისე, ხან ასე… მოგმართავთ თხოვნით, ცირა ჩამომასვენებინეთ საქართველოში“.

“რადიო თავისუფლებას” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ცხედრის საქართველოში გადმოსვენება 2022 წლის მარტში იქნება შესაძლებელი.

“ესპანეთის რეგულაციების მიხედვით, COVID19-ით გარდაცვლილის გადმოსვენება, შესაძლებელია გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება შესაძლებელი იქნება 2022 წლის მარტის ბოლოს,”-აღნიშნავენ სამინისტროში.