საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ვიცე-პრეზიდენტს ჟილ კარბონიეს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ორგანიზაცია საქართველოში, კერძოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ახორციელებს.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას გულისხმობს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა მოძიებისა და ოჯახებისთვის დაბრუნების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ICRC-ს, როგორც ნეიტრალური მედიატორის როლი და მხარდაჭერა ამ პროგრამის განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია და ამ მიმართულებით კომიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი მარტინ შუეპი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერინ შაპაზი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დესპანი კავკასიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხებში დანიელ მაკსვინი, ხოლო საქართველოს მხრიდან – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი დაესწრნენ.
“იმედინიუსი”