აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ წარმომავლობით უკრაინელი ბიზნესმენი ტრამპის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში დამნაშავედ ცნო.
ლევ პარნასი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატ რუდი ჯულიანის ახლო მოკავშირეა. ბიზნესმენის გარშემო აგორებულ სკანდალს ამერიკულმა მედიამ „უკრაინაგეითი“ უწოდა.
ბრალდების ცნობით, პარნასი და ასევე მისი ყოფილი მოკავშირე იგორ ფრუმანი უკანონოდ ურიცხავდნენ ფულს რესპუბლიკურ პარტიასა და დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბთან დაკავშირებულ სხვადასხვა სტრუქტურებს. საუბარია სოლიდური თანხაზე, რომელიც პარნასმა და მისმა პარტნიორმა რუსი ბიზნესმენისგან ანდრეი მურავიოვისგან მიიღეს.
„როიტერის“ ცნობით, ეს თანხა იმ შტატებში ირიცხებოდა, სადაც ბიზნესმენებს მარიხუანის ბიზნესის წარმოებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვება სურდათ.
როგორც პროკურორები ამტკიცებენ, ბრალდებულები ცდილობდნენ, პოლიტიკური გავლენა მოეპოვებინათ და ამას არა მხოლოდ საკუთარი ფინანსური ინტერესების, არამედ ერთ-ერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის პოლიტიკური ინტერესის წინ წაწევის მიზნით აკეთებდნენ, რომელსაც თავის მხრივ უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლება სურდა.
შეგახსენებთ, რომ „უკრაინაგეითის“ ფარგლებში უკრაინული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენ ლავ პარნასის პარტნიორმა ფრუმანმა ბრალი სექტემბერში აღიარა. თავად პარნასი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.