სარჯველაძე: ჯანმრთელობის დაცვის უფლება არ ნიშნავს იმას, რომ როგორც მოეპრიანება ვინმეს, ისე წარიმართოს ჯანდაცვის სერვისის მიწოდების პროცესი.
ჯანმრთელობის დაცვის უფლება არ ნიშნავს იმას, რომ როგორც მოეპრიანება ვინმეს, ისე წარიმართოს ჯანდაცვის სერვისის მიწოდების პროცესი – სტანდარტები სანიმუშოდ დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სურვილისამებრ არჩევანის უფლება აქვს სააკაშვილს – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატების განცხადებებს, რომ გადაყვანა კერძო კლინიკაში უნდა მოხდეს.
როგორც სარჯველაძე აცხადებს, ამ საკითხს მოქმედი კანონმდებლობა არეგულირებს და კერძო კლინიკები მართლაც ემსახურებიან პენიტენციურ სამსახურს, თუმცა ეს ხდება საჭიროების შემთხვევაში, სტანდარტის უზრუნველსაყოფად და არა პატიმრის სურვილის შესაბამისად.
– “შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, რომ როცა თავად პენიტენციურ დაწესებულებას არ აქვს რესურსი უზრუნველყოს პატიმარი სათანადო ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით, ამ შემთხვევაში ე.წ. აუთსორსინგის გზით ხდება ასეთი სერვისის შესყიდვა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ პატიმრის სურვილი განაპირობებს ჯანმრთელობის დაცვის სერვისის გაწევის პროცედურებს. ასეა განსაზღვრული, რომ ჯანდაცვის სერვისებს უზრუნველყოფს თავად პენიტენციური სამსახური, შესანიშნავი დეპარტამენტი ჰყავს საამისოდ პენიტენციურ სამსახურს, ამის შემდეგ თუ კონკრეტულ შემთხვევაში მიზანშეწონილია სტანდარტის უზრუნველსაყოფად კერძო კლინიკის მომსახურებით სარგებლობა, ასეთ შემთხვევაში, ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, მაგრამ ამ წუთას ასეთი დღის წესრიგში არ დგას. ასეთია მიდგომა უკლებლივ ყველა პატიმართან მიმართებით და არავითარი გამონაკლისი ამ შემთხვევაში დასაშვები არ არის. ზოგადად რომ არსებობს შესაძლებლობა კერძო კლინიკაში გადაყვანის სხვა გარემოებების არსებობისას, არ ნიშნავს იმას, რომ სურვილის შემთხვევაში სააკაშვილს უფლება აქვს მოითხოვოს კერძო კლინიკა” – განაცხადა სარჯველაძემ.
წყარო: newposts.ge