გასული ორშაბათი ქართული პოლიტიკისთვის დიდი აღმაფრენის დღე იყო. ხუმრობა ხომ არ არის მსოფლიოს პირველი ქვეყნის თავდაცვის მდივანი, ჩვენებურად მინისტრი რომ გაგიხსენებს, თან სასიამოვნო სიტყვებს გაიმეტებს?! ოსტინის ერთდღიანმა ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა — გვიცხადებს ხელისუფლება და მის მიერ დაქოქილი მედია. ანდა რატომ უნდა ჩაევლო წარუმატებლად? ასეც რომ ყოფილიყო — ვინ ეტყოდა საზოგადოებას სიმართლეს?
ეს ის შემთხვევა არ არის, დასავლეთზე „გაბრაზებულმა“ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, 2 ოქტომბრის არჩევებამდე რომ შეჰყვირა მას (დასავლეთს). მაშინ იმ „გაბრაზების“ მიზანი მარტივი რამ იყო — დასავლეთზე აღრენილი ამომრჩევლის გულის მოგება და ამასთან ერთად იმის მტკიცება, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არვის მარიონეტი არ არის.
პოლიტიკაში ჩახედულმა მავანმა იოლად გამოიცნო ღარიბაშვილის იაფფასიანი ფანდი, თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა „ჭამა“ და ისეთი ხოტმა შეასხა მატყუარა ღარიბაშვილს, დავით აღმაშენებელიც რომ ინატრებდა.
ერთმა, სიბრძნის ასაკს გაცილებულმა, ყოფილმა საბჭოთა მოხელემ, ამჯერად პუბლიცისტმა, ჟურნალისტთან საუბარში არაერთხელ ახსენა ღარიბაშვილი სიტყვებით — ამ ქვეყანას თუ ვინმე გადაარჩენს, ირაკლი ღარიბაშვილიაო.
პუბლიცისტს არც ღარიბაშვილის მიერ ხელისუფლებაში ყოფნით დაგროვებული უამრავი უძრავ-მოძრავი ქონება გახსენებია, არც კახეთში მამამისის „გავლენიანი“ ხელი და არც მამამისის მოურავის, მეტსახელად კაკაშას (რუსული სიტყვა „გოვნო“-ს სიყვარულით მისადაგებელი) „ბაირამობა“.
ხელისუფლებამ ისეთი მასპინძლობა გაუწია აშშ-ს მაღალ სტუმარს, როგორიც მიღებულია ძლიერსა და სუსტს შორის და არა სტრატგიულ პარტნიორებს შორის — ჩვენ, რომ რახანია ვიჩემებთ.
არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — სტრატეგიული პარტნიორობა მსოფლიოს პირველ და უსუსურ ქვეყნებს შორის მხოლოდ ტკბილ სიზმარში ხდება და არა ნამდვილ ცხოვრებაში.
საქართველო ნებაყოფლობით გახდა „პარტნიორობის“ სუბიექტი, რაც უმალ გადაიზარდა ტრადიციულ ურთიერთობაში, რასაც ასეთ შემთხვევაში აქვს ადგილი. რუსოფილებს არც ღარიბაშვილის სიტყვამ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულმა, დაანახა ამ პიროვნების რეალური სახე, რუსეთისადმი ნეგატიური განწყობა და არც ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა, სადაც მეზობელი ქვეყანა, რუსოფილთა გულდასაწყვეტად, აუგად იყო მოხსენიებული.
ოსტინის მასპინძლობაც ამ კონტექსტში წარიმართა, რამაც სტუმარში დიდი კმაყოფილება გამოიწვია, რაც არაერთხელ გააჟღერა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ლაპარაკში.
რა მოგვიტანა ოსტინის ვიზიტმა?
უპირველესად ის, რასაც „უსაფრთხო“ ცხოვრება ჰქვია. მკითხველი იკითხავს — ვისგან ელის საქართველო საფრთხესო. რუსეთისგან, პატივცემულო მკითხველო. ამ ქვეყანას რომ ნიშანში ვყავართ ამოღებული და დღეს თუ არა ხვალ თავს დაგვესხმება — სისტემატურად ვყვირივართ შინ და გარეთ, განსაკუთრებით გარეთ, მათი ყურადღების მოსაპყრობად.
განა, განწირულის ძახილს არ ჰგავდა ღარიბაშვილის სიტყვა გაეროში?! ჰოდა, ოსტინმაც დაგვამშვიდა — თქვენს გვერდით დგას აშშ-ო, იარაღის გამოგზავნასაც დაგვპირდა, ცხადია ჩვენი ფულით და კიდევ მრავალს, ვინაიდან საქართველო და კავკასია აშშ-ს ინტერესთა ზონას წარმოადგენს.
ოსტინიც, ისე, როგორც აქ ჩამოსული მისი წინამორბედები, დაგვპირდა ქართული ჯარის ნატოს სტანდარტების დონემდე გაწვრთნას, რათა იოლად მოხდეს ამ ორგანიზაციაში შესვლა. ნატოს კარი რომ ჩვენთვის ღიაა, ისიც გვითხრა. ამ შემთხვევაში მას შექმნილი ტრადიცია არ დაურღვევია, გააგრძელა წინამორბედთა უკვე ტრადიციულად ქცეული ტერმინის გამოყენება —ჩვენთვის ნატოს ღია კარის თაობაზე, ოღონდ …
სიტყვა „ოღონდ“ რას გულისხმობს, ოსტინმაც კარგად იცის და აქაურმა ხელისუფლებამაც. არც ერთი არ მოველით ტექსტიდან ამ სიტყვის ამოღებას, ვინაიდან ორივემ ვიცით, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა და კარგა ხანს არ დადგება. ყოველ შემთხვევაში ოსტინი ამ სიტყვას თავის ტექსტიდან ვერ ამოიღებს, ვინაიდან ტექსტი აშშ-ს ადმინისტრაციისაა და არა მისი.
გარდა ამისა აღმასრულებელს, თუნდაც თავდაცვის მინისტრს, არვინ ჰკითხავს პოლიტიკას. საქართველოს ნატოში შეყვანა პოლიტიკის საკითხია, ცხადია მთელი რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარებისთან ერთად, რომლებიც მოგვარებული არ გვაქვს.
მოგვარების შემდეგ დადგება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების საკითხი, რაც არა მარტო ნატოს შტაბ-ბინის და ნატოს წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, არამედ საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური ვითარების, რომელშიც დიდი როლი ენიჭება აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობებს.
არაერთხელ გვსმენია ნატოს გენერალური მდივნის, სხვა მაღალჩინოსნების განცხადებები, რომ ნატოში შესვლა მხოლოდ ნატოსა და ამ ორგანიზაციაში შესვლის მსურველზეა დამოკიდებული და არა რუსეთზე, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. რუსეთის აზრს რომ ნატოში და აშშ-ი ანგარიშს არ უწევდნენ, საქართველო-უკრაინა რახანია ნატოს წევრები იქნებოდნენ.
ეს ჭეშმარიტება იცის ოსტინმა, ვიცით ჩვენც, მაგრამ ვცდილობთ შემოვლითი გზებით მივაღწიოთ საწადელს. „შემოვლით გზებში“ ყურადღებას ვამახვილებთ მოულოდნელ რუსულ „აგრესიაზე“, რაც ვაშინგტონის გულს ბოლომდე ვერ ალღვობს. ის სიტყვით, იარაღით ჩვენს გვერდით არის, მაგრამ თავს არ გაწირავს.
ვაშინგტონმა კარგად იცის, რომ პატარა საქართველოსთვის კი არა, დიდი უკრაინისთვისაც არ ღირს რუსეთთან დატაკება, რაც სიკვდილს ნიშნავს. ვაშინგტონმა ისიც იცის, რომ საქართველოს ნატოში შეყვანა, რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შესაძლებლობას გაზრდის.
ვაშინგტონი დარწმუნებული არ არის, რომ ნატოში შესული საქართველო ავანტიურას არ მოუწყობს რუსეთს, რაც რუსეთის ძალისმიერ პასუხს გამოიწვევს. ნატოს წესდების მიხედვით კი თავდასხმა ნატოს წევრზე, სხვა წევრების პასუხის გამომწვევია. ჯამში — ომის. მერედა სურს ნატოს ომი?
სურს, მაგრამ სუსტთან და არა ბირთვულ სახელმწიფოსთან, მაგალითად რუსეთთან, რომელიც თანამედროვე შეიარაღების თვალსაზრისით აშშ-ც უსწრებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ბირთვულ სახელმწიფოებზე.
„დიდ კაცთან, პატარა კაცსა როდი გასვლია მართალი“ — ეს გამოთქმა იცის ნატომ. ამ რეალობის გათვალისწინებით შეუტია ერაყს, იუგოსლავიას, ლიბიას, ავღანეთს, სირიას, … . ზოგიერთმა მათგანმა, როგორც ერთიანმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა, დაქუცმაცდა, ომით გამოწვეულ ქაოსს, ვერადავერ იშორებს თავიდან, კალაპოტში ვერ დგება.
ასე რომ, რუსეთთან ომი მისთვის არა მარტო წარმოუდგენელი, შეუძლებელიცაა. მაშ, რას აგულიანებს ის საქართველოს, რა დევს ამის უკან?
მარტივი რამ, აშშ-ს და ნატოს სურვილია საქართველოს მათ განკარგულებაში ყოფნა, საქართველოს მიერ მათი დავალებების შესრულება, რუსეთისთვის მუდმივი თავსატკივარის გაჩენა. რუსეთის ლანძღვა-გინება, მაგრამ არა ისეთი სამხედრო ავანტიურა, რასაც 2008 წელს ჰქონდა ადგილი.
მაშინ აშშ-ა საქართველოს ხელით მოსინჯა რუსეთის „სიფხიზლე“, რაც საქართველოს ძვირად დაუჯდა. 2008 წლის შემდეგ რუსეთის არმია მოწინავე გახდა მსოფლიოში. პოლიტიკური წონაც ამ ქვეყნისა ერთიორად გაიზარდა. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე განაცხადა, რომ უკრაინა-საქართველოს ნატოში შეყვანას და იქ ბაზების განთავსებას რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მისი ქმედება, თუნდაც სამხედრო, მიმართული იქნება უპირველესად იმათ მიმართ, ვინც ამ ქვეყნებში სამხედრო ბაზებს განალაგებს.
ყურადღებიანმა მსმენელმა პუტინის განცხადება ჯეროვნად უნდა შეაფასოს და აფასებს კიდევაც, ჯერჯერობით, თუმცა კინკლავს, ვერბალურ დაპირისპირებას მაინც არ ეშვება და მასთან ერთად აქამდე არნახულ, უკბილო პარალელიზმს. სხვას ვერაფერს დაარქმევ პროცესს, რომელსაც ადგილი აქვს ვაშინგტონ-მოსკოვს შორის, განსაკუთრებით ამერიკა-რუსეთის პრეზიდენტების ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ.
ერთის შეხედვით თითქოს შეთანხმების დიალოგი დაიწყო. მხარეები ერთმანეთს ინტენსიურად ხვდებიან. სულ ახლახანს მოსკოვში იმყოფებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი. ამ მოლაპარაკების შედეგი ნულანდის პირით გავიგეთ — ძალიან კარგი! კონსტრუქციული! რუსეთის მედიამ კი გვამცნო, რომ ნულანდის ვიზიტი ბაიდენ-პუტინის მომავალ შეხვედრას ეძღვნებოდა.
ოსტინის მიერ თბილისში გაკეთებული განცხადება დიამეტრალურად განსხვავდება ნულანდის ნათქვამიდან. ნატოს მიერ რუსი დიპლომატების გამოძევება და მოსკოვის ანალოგიური ნაბიჯი, პლიუს მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ცენტრის დახურვა სულაც არ ნიშნავს ორმხრივი ურთიერთობების უკეთესობისკენ შეცვლას.
მაშ, რასთან გვაქვს საქმე? იმასთან, რასაც ხშირად ვაწყდებით ბოლო მრავალი წლის განმავლობაში, აშშ-ს ქორების და ზომიერების დატაკებას და ამასთანავე იმას, მარჯვენა ხელმა რომ არ იცის რას აკეთებს მარცხენა.
თბილისში მყოფმა ოსტინმა სამძიმარი გამოთქვა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის გარდაცვალების გამო და მას გმირი უწოდა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პაუელს ისეთ პატივს მიაგებენ, როგორც გმირს, მაგრამ რომ იტყვიან — ვისთვის გმირი და ვისთვის სულთამხუთავი.
კოლინ პაუელი მსოფლიო დიპლომატიას სინჯარით ხელში შემორჩება და ტყუილით, რომელიც მან გაეროს უშიშროების საბჭოზე გააჟღერა — ამ სინჯარაში ქიმიური შხამია, რომლითაც სადამ ჰუსეინი (ერაყის დიქტატორი) ემუქრება მსოფლიოს.
წლების შემდეგ პაუელმა აღიარა, რომ იცრუა. ამ ტყუილს რომ რეაქციის გარეშე ჩაევლო, კაცობრიობა მშვიდად იცხოვრებდა, მაგრამ კოლინ პაუელის ტყუილი, აშშ-ს პრეზიდენტის და ადმინისტრაციის მიერ შეკვეთილი იყო, ერაყის წინააღმდეგ ომის გასაჩაღებლად.
პაუელის ტყუილმა არა მარტო ერაყ-ავღანეთი დაანგრია, არამედ მილიონამდე მსხვერპლი გამოიწვია, ისეთი ტერორისტული ორგანიზაცია გააჩინა, როგორიცაა „ისლამური სახელმწიფო“; ტერორიზმი ზენიტში აიყვანა, ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები შექმნა — თანდაყოლილი ლტოლვილობით.
ომებით გამოწვეულმა მძიმე ვითარებამ ასეულ-ათასობით ლტოლვილი მიაყენა ევროკავშირის კარს. თვით ევროკავშირში შეიქმნა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, საფრთხე აბორიგენი მოსახლეობისთვის. პაუელის ტყუილმა ისეთი მძიმე, მრავალწლიანი პრობლემები შექმნა, რომლის დაძლევა დღევანდელ მსოფლიოს არ შეუძლია. „პატარა“ ტყუილი — დიდი და აღმოუფხვრელი შედეგებით.
ოსტინის სიტყვაში პაუელის გახსენების გარდა მადლობის სიტყვებიც იყო გამოთქმული საქართველოს მიმართ, მსოფლიოს ცხელ წერტილებში, მათ შორის ავღანეთში შეტანილი წვლილისთვის, რომელმაც ხელი შეუწყო „სტაბილურობას“ და ა.შ.
ავღანეთში შექმნილ სტაბილურობაზე ლაპარაკი დღეს რომ მიუღებელზე, მიუღებელია, ვინ-ვინ და აშშ-ს თავდაცვის მდივანმა უნდა იცოდეს. იცის კიდევაც, მაგრამ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს დეგენერატებად თვლის, რომლებსაც არ შესწევთ ვითარების რეალურად აღქმის უნარი.
რა გაეწყობა, ასეთი იყო, არის და იქნება აშშ-ს პოლიტიკა, რომლის მიზანი იყო, არის და იქნება შავის, თეთრად წარმოჩენა. აშშ-ი მომავალშიც არაერთხელ გადაგვიხდის მადლობას, თუ ჩვენ მის მაგივრად ვიომებთ; თუ ჩვენ ამ ომით, მის საქმეს გავაკეთებთ, ჩვენი საქმის საზიანოდ. განა, ამას არ ჰქონდა ადგილი 2008 წლის აგვისტოში?!
ოსტინის ვიზიტმა ორივე მხარის კმაყოფილება გამოიწვია. აქ ნათქვამმა მისმა სიტყვებმა მოსკოვამდე მიაღწია. მიზანიც ეს იყო — მოსალაპარაკებელ მაგიდაზე ისეთი საკითხის რეანიმაცია, როგორიც საქართველო-უკრაინის ნატოში გაწევრებაა.
აშშ-რუსეთის დიპლომატიური ვაჭრობა ახალ სტადიაში შედის — ერთმანეთის მიმართ წაყენებული ძველ-ახალი საყვედურებით, მკვეთი ნაბიჯებით, საეჭვო, ნაჩქარევი გადაწყვეტილებებით, მოულოდნელი დათბობით, მშვიდობაზე ლაპარაკით.
ზიგზაგურ პოლიტიკას, რომელიც მტკიცედ იკიდებს ფეხს აშშ-რუსეთის ურთიერთობებში, მარტო მათ არ ეხებათ. ორი გიგანტის ჭიდილი დანარჩენ მსოფლიოზეც მოქმედებს, მათ შორის ძლიერ სახელმწიფოებზე, სუსტებზე, როგორიც ჩვენია, რომ არაფერი ვთქვათ.
დასასრულს, ისევ რუსეთის მოსალოდნელ აგრესიაზე, რომელსაც რახანია ვაფრიალებთ დასავლეთის თვალწინ მისი ყურადღების მოსაპყრობად, ფულის გამოსაძალად, იარაღის მისაღებად. მოდით დავსვათ კითხვა — რაში სჭირდება რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგრესია? მას ხომ სტრატეგიული ტერიტორიები ისედაც დაკავებული აქვს?
ტერიტორიების გაფართოება, დარჩენილი ერთი მტკაველი საქართველოს ხარჯზე ქვეყანას, რომელსაც 13 ზღვა და ოკეანე აკრავს, არასერიოზულია. რუსეთს არც 2008 წელს, ცხინვალის ომის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიები მოუნდებოდა, სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არ აეძულებინა ის ასე მოქცეულიყო.
რუსეთი მხოლოდ მაშინ მიმართავს აგრესიას, თუ საქართველო გაიმეორებს 2008 წლის მსგავსს ან უარესს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი