რას წარმოადგენენ “კოვიდ წვეულებები” თავისი არსით და რამდენად საშიშია ისინი

რუსული გამოცემა „მედუზას“ ინფორმაციით, ბოლო დროს საზოგადოებაში ფართოდ განიხილება ე.წ. კოვიდ წვეულებები, ანუ ადამიანების ჯგუფის შეკრება, სადაც იმისთვის მიდიან, რომ კორონავირუსით სპეციალურად ინფიცირდნენ და ის მარტივ ფორმაში გადაიტანონ.

მაგრამ ასეთი ექსპერიმენტები ხშირად ლეტალური შედეგებით სრულდება. ერთ-ერთმა პირველმა მსგავსი ტიპის წვეულებების შესახებ ინფორმაცია დოქტორმა პაველ ბრენდმა გაავრცელა. მისი თქმით, რუსეთში ერთ-ერთი ქალი განზრახ წავიდა სტუმრად ავადმყოფ დაქალთან, რის შემდეგ მოხვდა რეანიმაციაში და გარდაიცვალა.

„ქალმა ივარაუდა, რომ თუ მისი ნაცნობი კორონავირუსის მარტივი ფორმით არის ინფიცირებული, მაშინ ისიც დაავადებას მარტივ ფორმაში გადაიტანს“, – წერენ დოქტორ ბრენდის კომენტარებში.

ფეისბუკის მომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ქალი ე.წ. კოვიდ წვეულებას დაესწრო, რადგანაც ვაქცინაცია არ სურდა და ერჩივნა, რომ კოვიდით დაინფიცირებულიყო.

მსგავსი ტიპის წვეულებები ახალი არ არის. 100 წლის წინ ტარდებოდა ე.წ. „წითელას წვეულებები“. ზოგიერთ ადამიანს ეს ნორმად მიაჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ დოქტორ ბრენდის პოსტი ძალზე აქტიურად განიხილებოდა სოციალურ ქსელში, მან განაცხადა, რომ ამ ქალის ვინაობას არ დაასახელებს. ასევე მან დაწერა, რომ ამ ისტორიის გადამოწმებას არ აპირებს. ამის შემდეგ ზოგიერთ მედიასაშუალებაში „კოვიდ წვეულების“ ისტორიის სიზუსტეში ეჭვი შეეპარათ.

გასულ წელს კოვიდ წვეულებებზე ინფორმაცია აშშ-ის მედიასაშუალებებში გავრცელდა. მისი ორგანიზატორები იქ ინფიცირებულ ადამიანებს ეპატიჟებოდნენ, ხოლო ჯანმრთელებს ბილეთების შეძენა სჭირდებოდათ. ის, ვინც დადასტურებულად ასეთი წვეულების შემდეგ ინფიცირებული იქნებოდა, ფულად ჯილდოს იღებდა. ამ წვეულებების შემდეგაც რამდენიმე ლეტალური შედეგი დაფიქსირდა.

რამდენად მართებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ ადამიანი ისეთი პაციენტისგან ინფიცირდა, ვისაც კორონავირუსის მარტივი ფორმა აქვს, ისიც დაავადებას მარტივად გადაიტანს?

ეს მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება. დაავადების სიმძიმე უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, პირველ რიგში, ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებზე. ერთი და იგივე ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში ადამიანებს ის სხვადასხვანაირად გადააქვთ.

პირველ რიგში, დაავადების მძიმე ფორმა ხანდაზმულ პირებს, ასევე, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ჭარბწონიანებს და მწეველებს უფიქსირდებათ. მნიშვნელობა აქვს, ასევე, გენეტიკასაც.

რუსეთში კორონავირუსის სუსტი შტამები რომ არსებობდეს, მაშინ ამ ვარიანტით ინფიცირება შეიძლება შედარებით უსაფრთხო ყოფილიყო. მაგრამ რუსეთში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში, მხოლოდ „დელტა“ შტამი დარჩა, რომელიც საკმაოდ სახიფათოდ მიიჩნევა.