ზუგდიდში ენმ-ს მხარდამჭერი ყოფილი პოლიციელების დაკავებას აპირებენ – მელია

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, მათი ინფორმაციით გამთენიისას ან დღის განმავლობაში ზუგდიდში ენმ-ს საარჩევნო შტაბის წევრი, ყოფილი ძალოვნების დაკავებას აპირებენ.

მელიას ინფორმაციით, არ არის გამორიცხული დაკავებები პარალელურად განხორციელდეს თბილისშიც, რათა შეიკეროს “მორიგი” სახელმწიფო გადატრიალების საქმე. მისი თქმით, ხელისუფლება აპირებს გაავრცელოს ინფორმაცია, რომ თითქოს, მათ “რაღაც სამალავი აღმოაჩინეს”.

მელიას თქმით, მათ უკვე ჩააყენეს საქმის კურსში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები და ზუგდიდში ჩასვლას აპირებენ ოპოზიციის ლიდერებიც, თუ ხელისუფლება ენმ-ს შტაბის წარმომადგენლების დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებს.

მელიას შეფასებით, ეს არის ხელისუფლების “გედის სიმღერა” და ის “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს არჩევნებში მარცხს შეეგუონ. მელიას თქმით, არჩევნებს ისინი “ზოგჯერ წააგებენ, ზოგჯერ მოიგებენ” და ასე მუშაობს დემოკრატია.

დღეს ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორში შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მობილიზაცია გამოცხადდა და ყველა სპეცრაზმელი, რომელიც სახლში ისვენებდა, ბაზაზე დაიბარეს. ადგილობრივი ჟურნალისტის ცნობით, არ არის გამორიცხული სპეცრაზმი დასავლეთ საქართველოში გადაიყვანონ.

ნეტგაზეთი ცდილობს ამ ინფორმაციის გადამოწმებას შსს-სთან, თუმცა უწყებაში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

რამდენიმე დღის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ჩატარდა. დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, რომელსაც  ენმ-ს გნაცხადებით, „ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს“. რაფავა ბოლო დროს ენმ-ს შტაბში მუშაობდა.

რაც შეეხება ჩხრეკას, თავად რუსლან შამახია, ყოფილი მაიორი, აცხადებს, რომ მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა – „შეცვივდნენ, არივ-დარიეს სახლი, სეიფი გააღეს და მქონდა გაფორმებული თოფები, რომლებიც, როგორც მეუბნება მეუღლე, წაიღეს“.

შსს-ს ჯერ არ გაუვრცელებია ოფიციალური განცხადება, თუმცა, კრიმინალური პოლიციის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტებთან უარყო, რომ ზუგდიდში იმყოფებოდა და განაცხადა:

„სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა რეგიონში, აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის“.

ამ ფაქტის შემდეგ სამეგრელოში ორმა მოქმედმა პოლიციელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

ზუგდიდის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა, ხოლო ქალაქის მერის არჩევნებში 30 ოქტომბერს მე-2 ტური იმართება. პირველ ტურში ენმ-ს კანდიდატმა და ნიკა მელიას მამა ანზორ მელიამ 46.8% აიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა “ქართული ოცნებიდან” – 41.1%.

 

“ნეტგაზეთი”